„ევოლუშენის“ გაფიცულ თანამშრომელთა ნაწილი შიმშილობას იწყებს

პუბლიკა

„ევოლუშენ ჯორჯიაში“ გაფიცვის 33-ე დღეს სამი გაფიცული უვადო შიმშილობას იწყებს.

მათი მოთხოვნა ხელფასის გაზრდა და შრომის პირობების გამოსწორებაა.

ერთ-ერთი გაფიცული, მახარე პატაშური, რომელიც შიმშილობას იწყებს, „მთავარ არხთან“ აცხადებს, რომ ამას „ევოლუშენში“ დასაქმებულებისა და ქვეყანაში შრომის პირობების გასაუმჯობესებლად აკეთებენ. მისივე თქმით, კომპანია დასაქმებულებისა და გაფიცულების დაპირისპირებას ცდილობს.

პროფკავშირ „ლაბორის“ წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე პოლიტიკურ აქტორებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.

„გაფიცვის 33-ე დღეს, მას შემდეგ, რაც კომპანია არანაირ კონტაქტზე არ გამოსულა და პირიქით ცდილობს გაფიცულთა მარგინალიზებას და ადამიანების დაპირისპირებას, გაფიცულებმა გადაწყვიტეს და 3 ადამიანი დაიწყებს უვადო შიმშილობას და მოვუწოდებთ ყველას, ხელისუფლებას, ოპოზიციას, პრეზიდენტს, არასამთავრობოებს, ჩაერთონ პროცესში“, – განაცხადა მან.

არსებული ინფორმაციით, დღეს 3 საათზე აქციას გამართავენ ის თანამშრომლები, რომლებიც არ გაფიცულან და სურთ, მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ.


12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.

გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ.

დავა „ევოლუშენ ჯორჯიას” დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„ევოლუშენ საქართველოს“ განცხადებით, პროფკავშირის წამოწყებული ბოლოდროინდელი „არამართლზომიერი აქტივობების გამო”, საქართველოში ევოლუშენის ოპერირება შეფერხდა და დაზარალდნენ ევოლუშენის ბიზნესპარტნიორები, რომელთა დიდ ნაწილს აღარ სურს საქართველოს სტუდიიდან სერვისის მიღება.