„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები ხელისუფლებას პროცესში ჩარევისა და პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.
ისინი განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას კომპანიას და ხელისუფლებას აკისრებენ. მათი თქმით, თუ ხელისუფლება 20:00 საათამდე განცხადებას არ გაავრცელებს, იძულებულები იქნებიან თორნიკე ერისთავის ქუჩა გადაკეტონ.
„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი უკვე 39-ე დღეა გაფიცულია, ხოლო გაფიცულთაგან 3 ადამიანი მე-7 დღეა შიმშილობს.
„დღეს გაფიცვის 39-ე დღეა და ამ დროის განმავლობაში არც ხელისუფლებას და არც პრეზიდენტს არ გაუკეთებია განცხადება და არც სახალხო დამცველი მოსულა ადგილზე. მომავალში განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და ამ კომპანიას ვანიჭებთ. მე-7 დღეა ადამიანები შიმშილობენ და არ დავუშვებთ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას.
ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ 20:00-მდე გააკეთოს განცხადება. ასევე მოვუწოდებთ საზოგადოებას, ამ ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, მოვიდნენ და სოლიდარობა გამოუცხადონ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ამ კომპანიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულები ვართ, რომ ჩვენს წინ არსებული გზა გადავკეტოთ”, – განაცხადა პროფკავშირი „ლაბორის” თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ.
12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.
გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ.
თანამშრომლების გაფიცვას წინ უძღოდა „მაუწყებლის“ მიერ გავრცელებული „სქრინშოთები“ „ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების სამუშაო ჩათიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს გარეგნობის, კანის ფერის, ფრჩხილების სიგრძის გამო დასცინოდნენ, იყენებდნენ სექსისტურ, რასისტულ და დისკრიმინაციულ ენას.
დავა „ევოლუშენ ჯორჯიას” დასაქმებულებსა და ადმინისტრაციას შორის რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
„ევოლუშენ საქართველოს“ განცხადებით, პროფკავშირის წამოწყებული ბოლოდროინდელი „არამართლზომიერი აქტივობების გამო”, საქართველოში ევოლუშენის ოპერირება შეფერხდა და დაზარალდნენ ევოლუშენის ბიზნესპარტნიორები, რომელთა დიდ ნაწილს აღარ სურს საქართველოს სტუდიიდან სერვისის მიღება.