„ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა

პუბლიკა

„ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.

პროფკავშირი „ლაბორის” ცნობით, გაფიცულია 4621 თანამშრომელი, რაც კომპანიაში დასაქმებულთა ნახევარზე მეტია.

თავად კომპანია უარყოფს, რომ გაფიცულთა რიცხვი 4600-ს აღემატება. თუმცა, კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებენ.

გაფიცულები ხელფასების ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ.

პროფკავშირი „ლაბორის” თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის განცხადებით, მოთხოვნებს დაემატა გაფიცული დღეების ანაზღაურებაც, ვინაიდან „ეს არ არის ამ ადამიანების არჩევანი – ეს არის დამსაქმებლის მხრიდან იძულებით გამოწვეული ქმედება”.

„კიდევ რამდენიმე საკითხია, მათ შორის, ანტისანიტარიის გამოსწორება და ა.შ”. – თქვა გიორგი დიასამიძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც პროფკავშირმა დამსაქმებელს გაფიცვის შესახებ აცნობა და სახელების მიწოდება დაიწყო, კომპანიამ დაშინებას მიმართა.

„თანამშრომლებს გაუგზავნეს იმეილები, რომ გაფიცვის შემთხვევაში მათ შეუწყდებათ ხელფასი, დაზღვევა და ა. შ. მსგავს მეთოდებს მიმართავენ. მიუხედავად ამისა, სრულმასშტაბიანი გაფიცვა მაინც შედგა. მაგიდების უმეტესობა გაჩერებულია”, – ამბობს გიორგი დიასამიძე.

გაფიცვა თანამშრომლებმა 5 ივლისს დააანონსეს.

მანამდე, 2024 წლის 20 მაისს „ლაბორმა“ მიმართა ჯანდაცვის მინისტრს შპს „ევოლუშენ ჯორჯიასთან” კოლექტიური შრომითი დავის მოგვარების მიზნით მედიატორის დანიშვნის თაობაზე. პროფკავშირის თქმით, კოლექტიურ დავაზე მედიატორი დაინიშნა, თუმცა მედიაცია 25 ივნისს უშედეგოდ დასრულდა, რითაც დასაქმებულებს გაფიცვის კანონიერი უფლება წარმოექმნათ.

დღეს „ევოლუშენ ჯორჯიამ“ განაცხადა, რომ კომპანია მონაწილეობდა მედიაციის პროცესში, რაც იმით დასრულდა, რომ „თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა მიემართა გაფიცვის გზისთვის“.

„ევოლუშენ ჯორჯია” ონლაინ კაზინოა.

„ევოლუშენი“ ასევე აცხადებს, რომ მიჰყვებიან სამართლებრივად დადგენილ პროცესს და იმოქმედებენ კანონისა და სხვა რეგულაციების შესაბამისად.

თანამშრომლების გაფიცვას წინ უძღოდა „მაუწყებლის” მიერ გავრცელებული „სქრინშოთები” „ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერების სამუშაო ჩათიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს გარეგნობის, კანის ფერის, ფრჩხილების სიგრძის გამო დასცინოდნენ, იყენებდნენ სექსისტურ, რასისტულ და დისკრიმინაციულ ენას.

კომპანიის გაფიცული თანამშრომლების თქმით, მენეჯერებს მათ მიმართ რეალურ ურთიერთობებშიც იმავენაირი დამოკიდებულება აქვთ.