Evolution Gaming 1300 თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებს

პუბლიკა

აზარტული თამაშების კომპანია Evolution Gaming Georgia 1300 თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებს. კომპანიის განცხადებით, ამის მიზეზი ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებაა.

„გასული კვირის მოვლენებიდან და გუშინ ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე, გვიწევს, საქართველოში ევოლუშენის ზრდის გეგმები არსებულ ვითარებას მოვარგოთ.

სამწუხაროდ, ეს ნიშნავს რომ დღეს, დაახლოებით 1300 ადამიანს, რომელიც საოპერაციო პოზიციებს იკავებდა და იმყოფებიან გამოსაცდელ ვადაში, ნაადრევად შეუწყდებათ შრომითი ხელშკრულება. ყველა მათგანს, დამატებით 2 თვის ვადით შევუნარჩუნებთ ჯანმრთელობის დაზღვევას, რომ შეძლებისდაგვარად, შევამციროთ ნეგატიური გავლენა მათ კეთილდღეობაზე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Evolution Gaming-ის განცხადებით, ორგანიზაციამ შეასრულა მთავრობის რეგულაციები უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით და გააგრძელებს მთავრობასთან მოლაპარაკებას, რომ საქმიანობის განახლების უფლება მისცენ.

„ბუნებრივია, გავაგრძელებთ დიალოგს საქართველოს მთავრობასთან, რომ განვსაზღვროთ, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით, რათა ჩვენი საქმიანობა განვაახლოთ მცირე მასშტაბით და მივცეთ საშუალება ჩვენს თანამშრომლებს, მიიღონ შემოსავალი“, – წერს კომპანია.

კომპანიაში ერთ-ერთი დასაქმებული „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ Evolution Gaming-დან გათავისუფლების შესახებ Facebook-ითა და ელექტრონული ფოსტით შეიტყვეს, რომელშიც კომპანია მათგან უნიფორმის დაბრუნებას 6 აპრილამდე მოითხოვს. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ასაღები ხელფასიდან 60 ლარს ჩამოგვაჭრიან“, – ჰყვება დასაქმებული „პუბლიკასთან“.