Evolution Gaming-მა თანამშრომლები უკანონოდ გაათავისუფლა - EMC

პუბლიკა

EMC-ის განცხადებით, კომპანია Evolution Gaming-მა 1300 თანამშრომლის დათხოვნით უხეშად დაარღვია დასაქმებულთა უფლებები და ქვეყანაში არსებული შრომითი სტანდარტები.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, კომპანიამ მხოლოდ ისინი გაათავისუფლა, ვისაც გამოსაცდელი ვადით ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება დადებული. ამის მიზანი მინიმალური ფინანასური დანახარჯით თანამშრომელთა შემცირება იყო, რადგან სხვა დასაქმებულებისთვის გათავისუფლების გამო კომპენსაციის გადახდა მოუწევდა.

EMC-ის განცხადებით, მართლია დამსაქმებელს 6-თვიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება და ამ ვადაში მოქალაქის გათავისუფლება ნებისმიერ დროს შეუძლია, მაგრამ არსებობს ზოგადი აკრძალვა უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად და დაუშვებელია უფლების გამოყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

„კომპანია ბოროტად იყენებს გამოსაცდელ ვადაში ნებისმიერ დროს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას და დაუსაბუთებლად წყვეტს შრომით ურთიერთობას, მაშინ როცა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას არა მათი დაკავებულ თანამდებობებთან შეუსაბამობის, არამედ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დაედო ოფიციალურ საფუძვლად“, – წერს EMC.

თანაც, EMC-ის განცხადებით, შრომის უფლების არსი დამსაქმებლის დომინანტური მდგომარეობის გამოყენების შეზღუდვა და დასაქმებულების უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებისგან დაცვაა. Evolution Gaming-ის ეს გადაწყვეტილება კი შრომის უფლებას ლახავს.

„მივიჩნევთ, რომ გამოსაცდელი ვადის პერიოდში დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით, კომპანია უხეშად არღვევს დასაქმებულთა უფლებებს, ბოროტად იყენებს დამსაქმებლის დომინანტურ მდგომარეობას და უგულებელყოფს ქვეყანაში მოქმედ უფლებრივ სტანდარტებს“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც EMC წერს, იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი 15 დღის განმავლობაში სულ მცირე 100 დასაქმებულთან წყვეტს შრომით ხელშეკრულებას ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების გამო, ეს მიიჩნევა მასობრივ დათხოვნად, რაც დამსაქმებელს ავალდებულებს, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე 45 დღით ადრე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

EMC-ის განცხადებით, ისინი გადაამოწმებენ, სამინისტროში მიიღეს თუ არა წერილი, თუმცა თავად დასაქმებულებს ამგვარი წერილი არ მიუღიათ.

„ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს „ევოლუშენ გეიმინგიდან“ უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, მზად არის, დაიცვას მათი ინტერესები სასამართლოში“, – წერს EMC.


აზარტული თამაშების კომპანია Evolution Gaming Georgia 1300 თანამშრომელს სამსახურიდან ათავისუფლებს. კომპანიის განცხადებით, ამის მიზეზი ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადება გახდა.

„დაახლოებით 1300 ადამიანს, რომელიც საოპერაციო პოზიციებს იკავებდა და იმყოფებიან გამოსაცდელ ვადაში, ნაადრევად შეუწყდებათ შრომითი ხელშკრულება“, – განაცხადა კომპანიამ.