შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები აცხადებენ, რომ ევროინტეგრაცია თანასწორი გარემოს მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია.
შშმ პირებმა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 18 ივნისს ბრიფინგი გამართეს, სადაც ამის შესახებ ისაუბრეს. მათი თქმით, დაუშვებელია EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შანსის ხელიდან გაშვება.
„ჩვენ ვცოცხლობთ იმედით სინამდვილეში. ეს პროცესი რომ დაჩქარდა ჩვენ უფრო მეტი იმედი გაგვიჩნდა, რა თქმა უნდა, რომ მალე მოხდებოდა და უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება ამ პერიოდში. თუმცა როგორც ჩანს, ახლა დაჩქარება კი არა, შეიძლება უფრო დავშორდეთ ამ პერსპექტივას, რაც შემაშფოთებელია ჩვენი თემისთვის, რადგან აღმოვჩნდებით ქველმოქმედების და დახმარების იმედად, რაც არ გვინდა”, – განაცხადა ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ ხელმძღვანელმა გიორგი ახმეტელმა.
მისივე თქმით, ერთადერთი სივრცე, სადაც კანონის უზენაესობა, თანასწორობა და განსხვავებული ადამიანების პატივისცემა შესაძლებელია ეს ევროპაა და შშმ პირები ძალიან ღელავენ ამ საკითხზე.
17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.
საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოგვიანებით, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.