ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია - NGO-ები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მმართველი გუნდის წარმომადგენელთა საპასუხო განცხადებებს ეხმაურებიან. NGO-ების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს კონსტიტუციურ ორგანოებს, რომ მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და NATO-ში სრული ინტეგრაციისთვის. შესაბამისად, მმართველი გუნდის განცხადებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

„მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო და სახიფათო განცხადებები არამხოლოდ უკიდურესად აზარალებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არამედ სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაცხადებულ ევროპულ არჩევანს“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ევროკავშირის წევრობის სავალდებულო საფეხურს წარმოადგენს, რომლის გავლის გარეშეც ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ შეძლებს კავშირის წევრობას.

პრემიერ-მინისტრის მხრიდან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაკნინება და მის „სიმბოლურ“ მნიშვნელობაზე აპელირება კი მოსახლეობაში ევროსკეპტიკური დამოკიდებულებების გაღვივების სერიოზულ საფრთხეს ქმნის და პირდაპირ ეხმიანება რუსულ ნარატივებს.

„მმართველი პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირების და პრემიერ-მინისტრის განცხადება ცხადყოფს, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს გაცნობიერებული არ აქვთ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების მნიშვნელობა, რაც მათი მხრიდან ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისათვის ყველა დაბრკოლების აღმოფხვრას და დემოკრატიული რეფორმების შეუქცევადად განხორციელებას გულისხმობს“, – ნათქვამია NGO-ების განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ:

  • საპარლამენტო რეზოლუციის გზით დაუყოვნებლივ დაადასტუროს მზაობა, განუხრელად დაიცვას ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფება და განაცხადოს კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში უნდა გადადგას.
  • ევროკავშირს და საქართველოს მოსახლეობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს გეგმა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში მითითებული პრობლემების სისტემური გადაჭრის გზებს ისახავს.
  • დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახიფათო და დანაშაულებრივი რიტორიკა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები.

განცხადებას ხელს აწერს:

  1. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  2. სამოქალაქო იდეა
  3. დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  4. ღია საზოგადოების ფონდი
  5. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
  6. მწვანე ალტერნატივა
  7. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  8. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  9. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  10. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  11. საფარი
  12. რონდელის ფონდი
  13. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  14. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  15. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  17. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  18. უფლებები საქართველო