ევროინტეგრაციის შემფერხებელი და არაკონსტიტუციური | საპარლამენტო ოპოზიცია „გავლენის აგენტების“ კანონპროექტებს აფასებს

პუბლიკა

საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისგან შემდგარი პრორუსული მოძრაობის, „ხალხის ძალის“ რუსული კანონპროექტები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშესაშლელად შემუშავდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის შეფასებით,  „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ კანონპროექტების განხილვაში შევა და გადაწყვეტს, რომელიმეს მხარი დაუჭიროს, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი იქნება“.

„ორივე ვარიანტი რუსულია. ეს არის რუსული კანონპროექტის იმ შინაარსის ქაღალდი, რომელიც დესტრუქციას უწყობს ევროკავშირში ინტეგრაციას და ყველანაირ სივრცეს სპობს არასამთავრობო სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება. ეს კანონპროექტი არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი მიღების შემთხვევაში „ხელისუფლებას გაუსუფთავებს ველს, რომ არჩევნები სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩაატარონ“.

„კანდიდატის სტატუსის მიღების გადამწყვეტ ფაზაში, როცა სტატუსის მიღების კარგი შესაძლებლობა არსებობს, კანონის ირგვლივ დისკუსიის გახსნაც კი ხელისუფლების მხრიდან არის ქვეყნის ინტერესების ღალატი! მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს დისკუსია და კონსტიტუციის დარღვევა.

…გამჭვირვალობა გამოგონილი მიზეზია. გამჭვირვალობის ვალდებულება ისედაც არსებობს. …კანონზე დისკუსიის გახსნის მიზანია ყურადღების გადატანა 12 პუნქტიდან, რომელიც ჯერ კიდევ შეუსრულებელია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, კანონპროექტის კანონად ქცევა საქართველოსთვის ევროპის კარის ჩაკეტვას ნიშნავს. გარდა ამისა, კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია.

„ეს კანონპროექტი არის ანტიკონსტიტუციური. რატომ? იმიტომ, რომ ჯერჯერობით ჩვენს კონსტიტუციაში არის მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ვალდებულებაა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მოხელეების, რომ ხელი შეუწყონ ევროკავშირში  და  NATO-ში გაწევრებას. როდესაც შენ გეუბნებიან, რომ ამ კანონს თუ მიიღებ, ამით ხელს უშლი კონსტიტუციური ამოცანის განხორციელებას, ეს ნიშნავს, რომ კანონი პირდაპირ ანტიკონსტიტუციურია. კობახიძე როდესაც გამოდის და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რას იტყვის ვენეციის კომისია, მაინც მიიღებენ კანონს, ეს არღვევს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და ყველა დეპუტატი, ვინც ხმას მისცემს მას, ჩაიდენს ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ აქტს, რომელსაც მომავალში მოეთხოვება პასუხი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ შეიძლება საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და დივერსიასა და მიზანმიმართულ საბოტაჟზე წავიდა.

„ფინანსური დეკლარაციისთვის რა საჭიროა სტიგმატური სახელების შემოტანა? ერთი, ევროპული კურსის საბოტაჟი – ეს არის ცალსახა, რომ ისეთი კანონი მიიღონ, რომ ამის საფუძველზე დავკარგოთ სტატუსი; და მეორე – ადამიანები, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, უფლებებისთვის, გამოაცხადონ უცხოეთის აგენტებად. ეს არის სტიგმა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კანონპროექტის განხილვას ეწინააღმდეგებიან „მოქალაქეებიც“.

ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ღირსების საქმეა, არცერთი პროექტი კანონად არ იქცეს.

„უფრო სწორი იქნებოდა გაეგზავნათ „გოსდუმაში“, რა ვენეცია და ფლორენცია, ეს არის არსით, შინაარსით თავიდან ბოლომდე რუსულო კანონი, ახალიც და ძველიც“, – აღნიშნა მან.

კანონპროექტის მიღებას ემხრობიან „ევროპელი სოციალისტები“. რაც შეეხება „გირჩს“, 20 თებერვალს იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ როდესაც ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულება პოლიტიკოსებს დაეკისრათ, ამას NGO სექტორი და მედია მხარს უჭერდა, ახლა კი იგივე ხდება მათთან მიმართებით, რის წინააღმდეგიც თავად არ არის.

„ჯერ პოლიტიკოსებს გაგვიჩალიჩეს ენჯეონიშკებმა და თქვენ ახლა პირიქით უჩალიჩებთ, მე არ მივიღებ ამაში მონაწილეობას და მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ, თქვენ რომ გაუჩალიჩოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ხალხის ძალამ“ კანონპროექტის მეორე ვერსიაც დაარეგისტრირა. პროექტები განსახილველად კომიტეტებს გადაეცა.