EU არ აღიარებს ვენესუელის არჩევნების ოფიციალურად გამოქვეყნებულ შედეგებს

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ეხმაურება ვენესუელაში გამართულ არჩევნებსა და ოფიციალურად გამოქვეყნებულ შედეგებს – მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ვენესუელის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის ჩანაწერები არ გამოუქვეყნებია, მათ მიერ გავრცელებული შედეგების სანდოობა ეჭვის ქვეშ დგას.

ის აღნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები მიუთითებს ოპოზიციური კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის დიდი უმრავლესობით გამარჯვებას – შესაბამისად, ბორელი ევროკავშირის სახელით ითხოვს, საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის ჩანაწერები გადამოწმდეს საერთაშორისო რეპუტაციის მქონე სუბიექტების მიერ.

„ევროკავშირი ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გავრცელებული ცნობები ნათლად ცხადყოფს, რომ 28 ივლისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო თანხვედრაში არჩევნების სამართლიანობის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებთან.

ვალდებულების მიუხედავად, ვენესუელის ეროვნულ საარჩევნო საბჭოს (CNE) ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ხმის მიცემის ჩანაწერები. მტკიცებულებების გარეშე CNE-ის მიერ 2 აგვისტოს გამოქვეყნებული შედეგები ვერ მიიჩნევა აღიარებულად. ხმის მიცემის ოფიციალური ჩანაწერების გამოქვეყნების ნებისმიერი სახის გადადება გამოქვეყნებული შედეგების სანდოობას მეტად დააყენებს ეჭვის ქვეშ.

ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული საარჩევნო კენჭისყრის ჩანაწერების ასლები, რაც რამდენიმე დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ გადაამოწმა, მიუთითებს, რომ ედმუნდო გონსალესი მნიშვნელოვანი უმრავლესობით იქნებოდა გამარჯვებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

ვენესუელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, რასაც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ 31 ივლისს ქვეყნის უზენაეს სასამართლოს, საპრეზიდენტო არჩევნების აუდიტის ჩატარების მოთხოვნით მიმართა.

მადურომ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებულია და ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო. სასამართლოსადმი მიმართვის გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებისგან, რომლებიც აცხადებენ, რომ სასამართლო მთავრობის გავლენის ქვეშაა და, შესაბამისად, შედეგების განხილვა და აუდიტი დამოუკიდებლად ვერ მოხდება.

ვენესუელაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია – „კარტერის ცენტრი” აკვირდებოდა. ამერიკული ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები „არ შეესაბამება საარჩევნო ხელშეუხებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და ის არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულად“.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, Foro Penal-ის ხელმძღვანელის, ალფრედო რომეროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დროს მოკლულია, სულ მცირე, 11 დემონსტრანტი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. მედიის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს.