ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მას შემდეგ, რაც რეფორმები გატარდება – შარლ მიშელი

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შარლ მიშელის განცხადებით, დოკუმენტზე ხელის მოწერით პოლიტიკური კრაზისი დასასრულს უახლოვდება.

„განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, ვინაიდან დღეს გახლავთ დღე, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ძალიან დიდი მიღწევაა, პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი. დღეს გვაქვს ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ შრომას და რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისი თქმით, ამ შეთანხმების საფუძველზე ქვეყანას რეფორმების განხორციელებისთვის ქვეყანას დიდი სამუშაო აქვს გასაწევი.

„უფრო მეტი საქმე იწყება დღეს და ეს შეთანხმება საფუძელს უყრის სამომავლო რეფორმებს. ეს უკავშირდება საარჩევნო რეფორმას, სამართლებრივ რეფორმას. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია“, – თქვა მან.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს მხარდასაჭერად. მისივე განმარტებით,  ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს, თუ ზემოაღნიშნული რეფორმები გატარდება.

„აგრეთვე, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის. ჩვენი თანამშრომლობა დაფუძნებული გახლავთ საერთო ინტერესებზე, რომელიც აისახება პრაქტიკული ნაბიჯებით. ევროკავშირი გახლავთ უდიდესი დონორი, 200-ზე მეტი მიმდინარე პროექტია, რომლის ბიუჯეტი 500 მილიარდი დოლარზე მეტია.

რასაკვირველია, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას, მას შემდეგ, რაც ვიხილავთ ზემოაღნიშნული რეფორმების გაძლიერებასა და მხარდაჭერას“, – თქვა მან.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ათონელის სასახლეში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული რეგიონული სიტუაციის ფონზე. მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს.

„ ჩვენ კარგად ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას უკრაინის საზღვარზე და კარგად ვხედავთ, რა მდგომარეოაბ გახლავთ ყირიმში, რადგან ყირიმი უკანონოდ ანექსირებულია“, – განაცხადა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.