ევროკავშირი ჯერ ვერ ყალიბდება, რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინს – პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღევანდელი ევროკავშირი ბრექსითის შემდეგ აღარ არის ისეთი, როგორიც წლების წინ იყო. მისი თქმით, ევროკავშირი საკუთარი კრიზისის ფონზე ჯერ ვერ ჩამოყალიბებულა, რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინს.

„დღევანდელი ევროკავშირი, ბრექსითისა და გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, აღარ არის და აღარ იქნება ისეთივე ევროკავშირი, როგორიც, თუნდაც, სულ რამდენიმე წლის წინ იყო – როცა საქართველო შეუდგა პარტნიორობისა და ასოცირების გზას. ევროკავშირი, საკუთარი კრიზისის ფონზე, ჯერ ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის უახლოეს მეზობლებთან (კანდიდატ თუ ასოცირებულ ქვეყნებთან), რომლებიც გაწევრებისკენ ილტვიან; რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინებს; როგორ არ შეაჩეროს ძრავა, რომელმაც, გაფართოების პოლიტიკის სახით, ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა თვით ევროპას და მის ახალ წევრებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა.