ევროკავშირი „ოცნებისგან“ ელის კონკრეტულ ნაბიჯებს და არა ბავშვურ განცხადებებს - ევროპარლამენტარები

პუბლიკა

ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიანე და ანდრიუს კუბილიუსი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

რასა იუკნევიჩიანესა და ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ევროპარლაემნტარები წერენ, რომ 2008 წლის ომი პუტინის რუსეთის მიერ მისი მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომის პირველი შემთხვევა იყო. რაზეც, მათი განცხადებით, სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებას საკმარისად მკაცრი რეაქცია არ ჰქონია, პუტინის რუსეთმა კი თავისი პოლიტიკა გააგრძელა 2014 წელს ყირიმის ანექსიით, შემდეგ კი, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომით.

ევროპარლამენტარების განცხადებით, საჭიროა, რომ დემოკრატიულმა საზოგადოებამ წარსულიდან გაკვეთილები გამოიტანოს, მიმართოს ძალისხმევა საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისკენ, ასევე შიდაპოლიტიკური განხეთქილების დაძლევისა და დეოლიგარქიზაციისაკენ.

„ქართულ ოცნებას“ კი მოუწოდებენ, რომ თავისი მოქმედებებით არ მიაყენოს ზიანი საქართველოს შესაძლებლობას, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

„რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, თუმცა კრემლის მთავარი მიზანი მისი გეოპოლიტიკური მისწრაფების ოკუპაციაა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კავშირში ინტეგრაცია აღარ სურდეს.

ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებებსა და განცხადებებს, რომელიც გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას ჰგავს, რათა ზიანი მიაყენოს საქართველოს შესაძლებლობას, უახლოეს მომავალში მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი.

კრემლის მიერ წარმართული ჰიბრიდული ომისა თუ სხვა თავდასხმებისგან დასაცავად, საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალია – შეასრულოს ევროკავშირის მიერ მისთვის დასახული 12 პუნქტი, დაწყებული დეპოლარიზაციითა და დასრულებული დეოლიგარქიზაციით.

ოლიგარქების გავლენა ახალგაზრდა დემოკრატიებზე ცნობილი ფენომენია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავის არაერთი განცხადებით ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ეს მხოლოდ დამატებით ამტკიცებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებული გავლენის მქონე ოლიგარქია, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების სხვა ლიდერები მას ასეთი მონდომებით იცავენ.

ევროპარლამენტი „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ევროკავშირის პირობების შესასრულებლად კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებებს ელის და არა ბავშვურ განცხადებებს, რომლებშიც დეპუტატები ყველაფერს აშშ-ის ამჟამინდელ ელჩს ან ევროკავშირის ყოფილ წარმომადგენელს აბრალებენ.

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოებას, გაერთიანდნენ 12 პუნქტის სწრაფად შესრულებისთვის. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს კვლავ შეუძლია, გახდეს ფლაგმანი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – წერენ ევროპარლამენტარები.