ევროკავშირი რუსეთისა და პუტინის მხარდამჭერი ჯგუფებისთვის სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. როგორც გამოცემა EUObserver წერს, ახალი სანქციები შეეხება პუტინის მხარდამჭერი, პროკრემლისტური ბაიკერთა კლუბის „ღამის მგლების“ წევრებსაც.
ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში პერსონალურად მოხვდნენ კლუბის პრეზიდენტი, ალექსანდრ ზალდასტანოვი და მასთან დაახლოებული სამი პირი, მათ შორის, ერთ-ერთი სლოვაკეთის მოქალაქეა.
სანქციების ახალი პაკეტისთვის შექმნილი დოკუმენტის მიხედვით, ზალდასტანოვი მხარს უჭერს რუსეთის ოკუპაციას უკრაინაში, უარყოფს უკრაინის უფლებას, დაიცვას თავი, მოუწოდებს ქვეყნის „დენაციფიკაციისა“ და „დეუკრაინიზაციისკენ“, რის გამოც ევროკავშირში მისი და კლუბის სხვა ლიდერების ქონებას გაყინავენ და ბაიკერთა კლუბის სხვა წევრებთან ერთად ევროკავშირში შესვლას აუკრძალავენ.
„ღამის მგლების“ ბაიკერთა კლუბი 1989 წელს საბჭოთა კავშირში შეიქმნა. ბოლო წლების განმავლობაში კლუბი პროკრემლისტურ პროპაგანდას ავრცელებდა და პუტინის მხარდაჭერით სარგებლობდა. ზალდასტანოვი რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ პირად მოიაზარება და არსებობს ეჭვები, რომ ბაიეკრთა კლუბს სწორედ რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს.
EUObserver წერს, რომ „ღამის მგლები“ რუსეთთან ერთად ევროპაში გადაადგილდებოდნენ და ხშირად იწვევდნენ არეულობასა და ქაოსს. ისინი 2014 წელს ანქესირებულ ყირიმშიც ჩავიდნენ და მხარი დაუჭირეს პუტინის პოლიტიკას.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი ასევე შეეხება მოსკოვის მერს, მსახიობებს სერგეი ბეზრუკოვსა და ვლადიმერ მაშკოვს, რუსი ოლიგარქების ახლობლებს და სხვა პირებს.
ასევე, ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი შეეხება რუსულ ოქროს, რუსეთის ყველაზე დიდ ბანკს, „სბერბანკს“ და რამდენიმე რუსულ ორგანიზაციას, მათ შორის, „რუსკი მირს“.