ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებით, G7-ის სამიტი (დიდი შვიდეული) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მრავალმხრივი ფორმატია, რომლის სტრუქტურასაც დროებითი ხელმძღვანელი ქვეყანა (ამჟამად აშშ) ვერ შეცვლის.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ G7-ის სამიტი „ქვეყნების მოძველებული ერთობაა” და მოწვეულ ქვეყნებს შორის ავსტრალიის, რუსეთის, სამხრეთ კორეისა და ინდოეთის შეყვანის ინიციატივა გამოთქვა.
„G8 სამიტში რუსეთის მონაწილეობა გამორიცხულია, სანამ რუსეთი კურსს არ შეცვლის და სამიტის გაფართოებულ ფორმატში ჩატარება მნიშვნელობას არ შეიძენს. ამჟამად ასეთი სიტუაცია არ დგას”, – განაცხადა ევროკავშირის პრესსპიკერმა.
ოფიციალური მოსკოვის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს G7 სამიტის გაფართოებული ფორმატით გამართვის გადაწყვეტილების შესახებ სატელეფონო საუბრისას აუწყა.
შაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარების გამო, მომდევნო თვეში დაგეგმილი G7-ის სამიტის გადადება მოუწევდა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამიტის გაფართოებული სიით გამართვას ემხრობა. მან გამოთქვა სურვილი, რომ მონაწილეებს შორის ავსტრალია, რუსეთი, სამხრეთ კორეა და ინდოეთიც იყვნენ.
„პრეზიდენტი პუტინი ყველა მიმართულებით დიალოგის მომხრეა”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
ტრამპის ინიციატივას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ G7-ის სამიტში რუსეთის ხელახლა შესვლას მხარს არ დაუჭერს, თუმცა, მისივე თქმით, მასპინძელმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, სამიტზე ვის მოიწვევს.
რუსეთის სამიტში ხელახლა შესვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც.
„რუსეთი რამდენიმე წლის წინ გაირიცხა G7-ის ყირიმის ოკუპაციის გამო. რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმებისა და წესების განგრძობადი დარღვევა არის მიზეზი, რის გამოც რუსეთი კვლავ G7-ის სამიტის ფორმატს მიღმაა და ეს კვლავ ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ტრუდომ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსეთი G8 სამიტიდან 2014 წელს გაირიცხა, ყირიმის რეგიონის ანექსირების შემდეგ.