ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რუსული გაზის იმპორტის სამუდამოდ შეწყვეტისა და რუსული ნავთობის ეტაპობრივ ამოღებაზე.
ევროკომისიის განცხადებით, ეს ისტორიული გადაწყვეტილება ბოლოს მოუღებს ევროკავშირის დამოკიდებულებას არასანდო მომწოდებელზე, რომელიც არაერთხელ ახდენდა ევროპის ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაციას, ენერგეტიკული შანტაჟით საფრთხეს უქმნიდა მიწოდების უსაფრთხოებას და ზიანს აყენებდა ევროპულ ეკონომიკას.
„დღეს ჩვენ შევდივართ ევროპის რუსეთისგან სრული ენერგოდამოუკიდებლობის ეპოქაში. REPowerEU-მ შედეგი გამოიღო. მან დაგვიცვა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისისგან და დაგვეხმარა რუსული წიაღისეული საწვავიდან რეკორდული სისწრაფით გადასვლაში. დღეს ჩვენ სამუდამოდ ვაჩერებთ ამ იმპორტს. პუტინის „საომარი ყულაბის“ დაცლით, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და გეზს ვიღებთ ახალი ენერგეტიკული პარტნიორობებისა და სექტორისთვის ახალი შესაძლებლობებისკენ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის განცხადებით, დღევანდელი შეთანხმება უზრუნველყოფს რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივ, მაგრამ საბოლოო შეწყვეტას:
თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი ეტაპობრივად შეწყდება 2026 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო მილსადენების გავლით მიწოდებული გაზის – 2027 წლის 30 სექტემბრამდე. გამონაკლისის სახით, წევრმა სახელმწიფოებმა ეს ვადა შესაძლოა გააგრძელონ 2027 წლის 31 ოქტომბრამდე, იმ შემთხვევაში, თუ მათი საცავების შევსების დონე სავალდებულო ნიშნულზე დაბალი იქნება.
„არაუგვიანეს 2027 წლის ნოემბრისა, ევროკავშირი საბოლოოდ და სამუდამოდ ამოიღებს მოხმარებიდან რუსულ გაზს“, – აცხადებს ევროკომისია.
რაც შეეხება უარის თქმას რუსულ საწვავზე, ევროკომისიის განცხადებით, შეთანხმების თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარმოადგინონ ეროვნული დივერსიფიკაციის გეგმები, სადაც გაწერილი იქნება გაზისა და ნავთობის მარაგების დივერსიფიკაციის ზომები 2026 წლის 1 მარტამდე. მათ ასევე მოეთხოვებათ, რეგულაციის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში აცნობონ კომისიას, აქვთ თუ არა მოქმედი კონტრაქტები რუსული გაზის მიწოდებაზე ან მოქმედებს თუ არა ეროვნული სამართლებრივი აკრძალვები.
„კომისია შეაფასებს გეგმებს და საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს რეკომენდაციებს გეგმების მიღებიდან არაუგვიანეს სამი თვისა. გარდა ამისა, კომისია მზადაა მხარი დაუჭიროს წევრ სახელმწიფოებს მთელი ამ პროცესის განმავლობაში.
გაზის აკრძალვისთვის გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად, ახალი რეგულაცია აწესებს მონიტორინგის მექანიზმებს და ხელისუფლების ორგანოების ვალდებულებას, ითანამშრომლონ და გაცვალონ ინფორმაცია ბუნებრივი აირის იმპორტის შესახებ“, – აცხადებს ევროკომისია.
ევროკავშირის ლიდერები რუსული ენერგორესურსების ეტაპობრივ ამოღებაზე 2022 წლის მარტის ვერსალის დეკლარაციაში შეთანხმდნენ.
ევროკომისიის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, 2025 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ გაზზე მთლიანი იმპორტის 45%-დან 13%-მდე შემცირდა.
„მიუხედავად ამისა, გასულ წელს ევროკავშირის ენერგ სისტემაში მაინც მოხვდა 35 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი, რომლის ღირებულება მიმდინარე ფასებით დაახლოებით 10 მილიარდი ევროა. რუსული ნახშირის ყველა სახის იმპორტი სანქციებით აკრძალულია, ხოლო ნავთობის იმპორტი 2022 წლის დასაწყისში არსებული 27%-დან დღეისთვის 2%-მდე შემცირდა“, – აცხადებს ევროკომისია.