ევროკავშირი საქართველოს 150 მილიონი ევროს სესხს სთავაზობს პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიხედვით, Team Europe, რომელიც ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და საკვანძო ფინანსური ინსტიტუტების რესურსებს აერთიანებს, საქართველოს ახალ შეღავათიან სესხს სთავაზობს, რომლის ოდენობაც 150 მილიონი ევროა.

კარლ ჰარცელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მიწერილი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია სესხის შეთავაზებასა და ევროკავშირის მიერ უკვე აღმოჩენილ დახმარებაზე. წერილის მიხედვით, ევროკავშირმა საქართველოს დახმარების სახით 250 მილიონი ევრო უკვე გამოუყო. ახლა კი, ხელსაყრელი პირობებით, მათი განცხადებით, პანდემიისგან გამოწვეული გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოყო სესხი.

„სიამაყით მინდა გადმოგცეთ, რომ ევროკომისიამ გამოაცხადა მესამე პაკეტის შესახებ – 150 მილიონი ევროს ოდენობის სესხის სახით, ძალზე ხელსაყრელი პირობებით, რომ საქართველოს გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაფარვაში დაეხმაროს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერასთან ერთად ჩვენი დახმარება მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას და ისეთი სივრცის შექმნას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რესურსების მიმართვა საქართველოს მოქალაქეების დასაცავად და პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად“, – ნათქვამია წერილში, რომელიც კარლ ჰარცელმა გამოაქვეყნა.