ევროკავშირი უკრაინისთვის 90-მილიარდიანი სესხის გამოყოფაზე შეთანხმდა

პუბლიკა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით სესხის გამოყოფაზე.

90-მილიარდიან სესხს უკრაინა 2026-2027 წლებში მიიღებს. ევროკავშირის ლიდერების თქმით, ეს შეთანხმება მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის ძირითად სამხედრო და ეკონომიკურ საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

ამის შემდეგ კი, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, უკრაინის დახმარების საკითხს ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიან ბიუჯეტთან ერთად განიხილავენ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს თანხის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა. „ეს არის მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც რეალურად გააძლიერებს ჩვენს მედეგობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თუმცა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, გამოეყენებინათ გაყინული რუსული აქტივები. სწორედ ამის სანაცვლოდ მიიღებს კიევი მრავალმილიარდიან სესხს. რუსული აქტივების გამოყენებას მხარს უჭერდნენ პოლონეთისა და გერმანიის ლიდერები.

მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი, განსაკუთრებით კი ბელგიის პრემიერი შიშობდა, რომ ბელგიაში გაყინული 200 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივების გამოყენება ბელგიისა და ევროკავშირის ეკონომიკური სტაბილურობისთვის რისკებს წარმოშობდა.

ბელგიის პრემიერის თქმით, საბოლოოდ ერთობამ გაიმარჯვა და ევროკავშირმა გამონახა გზა უკრაინის დასახმარებლად. მიღწეულ შეთანხმებას წარმატებული უწოდა გერმანიის კანცლერმაც, რომელიც ლობირებდა რუსული აქტივების გამოყენებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლექსანდრ მერეზეშკომ კი შეკითხვის საპასუხოდ, იმედგაცრუებულია თუ არა, რომ არ გამოიყენეს რუსული აქტივები, უპასუხა, რომ არ დარდობს ფულის წარმომავლობაზე. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სესხი კი დიდი დახმარებაა და ევროპელი მეგობრების მადლიერია.