ევროკავშირი ეტაპობრივად რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა და სანქციების მე-6 პაკეტის შესახებ ისაუბრა.
,,ჩვენ ექვსი თვის განმავლობაში რუსეთისგან ნავთობის მიწოდებას ეტაპობრივად შევაჩერებთ“, – განაცხადა ლაიენმა.
ახალი სანქციები შეეხებათ როგორც რუსულ მაუწყებელს, ისე ფინანსურ ინსტიტუტებს. სამ რუსულ სახელმწიფო მაუწყებელს ევროკავშირის ტერიტორიაზე ეთერში გასვლა აეკრძალება.
ამასთანავე, საერთაშორისო სისტემიდან SWIFT-იდან გათიშავენ კიდევ ერთ რუსულ ბანკს – „სბერბანკს“. გაფართოვდა სანქცირებულ პირთა სიაც. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სანქციები შეეხება იმ რუს სამხედროებს, რომლებიც ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასთან არიან კავშირში.
„ჩვენ ვიცით, ვინც ხართ. თქვენ ამას ვერ გაექცევით“, – აღნიშნა ლაიენმა.