ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის 12 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისჯას ეხმაურება. ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„2020 წლის 11 ივლისს მისი უკანონო დაკავების შემდეგ, ევროკავშირი მის მყისიერ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ასევე ახსენებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრას მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.
ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გააგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვას და მათი უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ფარგლებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზაზა გახელაძე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 ივლისს დააკავეს, დაკავებისას კი ფეხში დაჭრეს.
ცხინვალში მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს. ზაზა გახელაძეს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან ერთად რუსეთის სისხლის სამართლის 317-ე მუხლის დარღვევასაც ედავებოდნენ, რაც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებიდან 6 თვის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.