ევროკავშირში მისი წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა (ელჩებმა) რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების მე-17 პაკეტს მხარი დაუჭირეს.
სანქციების ახალი პაკეტი შეეხება რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ახალ გემებს და დაახლოებით 30 კომპანიას, რომლებიც გვერდს უვლიან ადრე დაწესებულ სანქციებს.
ეს პაკეტი არ არის დაკავშირებული უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნებთან.
სანქციების მე-17 პაკეტის ფარგლებში ევროკავშირის სანქციების სიას ემატება რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის” კიდევ 200 გემი, რის შედეგადაც მათი რიცხვი 340-მდე გაიზრდება.
„ჩრდილოვან ფლოტში“ შემავალი გემები რუსეთს ეხმარებიან ნავთობისა და უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის გადაზიდვაში, ასევე ეხმარებიან რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს.
სანქციების სიას დაემატება 75 ფიზიკური პირი და კომპანია, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებთან.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის ოფიციალურად დამტკიცება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 20 მაისის სხდომაზეა დაგეგმილი.
გარდა ამისა, ევროკავშირი ქმნის სამართლებრივ საფუძველს, სანქციები დაუწესდეს რუს პროპაგანდისტებს
DW დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰიბრიდული საქმიანობისთვის ცალკე სანქციების ფარგლებში ევროკავშირმა პროპაგანდისტების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების შემოღების სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
ასეთი სანქციების ქვეშ მოექცევა დეზინფორმაციის გამავრცელებელი 20-ზე მეტი პირი და ორგანიზაცია. სანქციების ეს რეჟიმი ასევე შეეხება იმ გემებს, რომლებიც წყალქვეშა კაბელებს ანადგურებენ, ასევე იმ კრიმინალებს, რომლებიც აეროპორტების, სერვერების და ა.შ ფუნქციონირებას არღვევენ.
ასევე, სანქციები შეეხება ალექსეი ნავალნისა და ვლადიმირ კარა-მურზას საქმეებში ჩართულ მოსამართლეებსა და პროკურორებს.