საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „სამართლიანი არჩევნები” (ISFED), „ჩემი ხმა” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) ესწრებოდნენ.
როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლები შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, მათ პაველ ჰერჩინსკის წარუდგინეს საარჩევნო დარღვევების მტკიცებულებები და ელჩთან საუბრისას მესამე სექტორის მხრიდან აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას.
„ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებული, რა ხდებოდა არჩევნების დღეს და უკვე საუბარია იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ მივდივართ წინ.
ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეურიგდნენ ამ უსამართლობას და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. რა თქმა უნდა, ბრიუსელშიც იქნება დისკუსიები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
ასევე, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა იმასაც, რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ საპარლამენტო არჩევნების გამოძიებას.
„ევროკავშირის ელჩთან ჩვენ დღეს ვისაუბრეთ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზე. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა იმაზე, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევების გამოძიებასთან დაკავშირებით, გვაქვს თუ არა იმედი, რომ პროკურატურა ყველაფერს გამოიძიებს და ასევე, რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, განსაკუთრებით ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმისთვის, რომ დაეხმარონ ამ პროცესს და ხელი შეუწყონ ამ გამოძიებას საქართველოში. რეალურად მათ აინტერესებდათ ის დარღვევები, ის არგუმენტები, რაც ჩვენ გვქონდა.
[საერთაშორისო ჩართულობის] ფორმატზე, სამწუხაროდ, არ გვისაუბრია. ერთადერთი იმას გეტყვით, რომ ეს არის წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტი შექმნიან თუ არა მექანიზმს და ალბათ ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ“, – განაცხადა საიას წარმომადგენელმა, ნანუკა ყრუაშვილმა.