ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის EIB-ის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საკომუნიკაციო კამპანია – „უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის“ დაიწყო.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, მათი მიზანია საქართველოში უკეთესი და მეტად უსაფრთხო გზების შექმნა.
„ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელსაც დღეიდან ვიწყებთ, შეუძლია შეამციროს საგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში. ყოველწლიურად, მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ავტოსაგზაო შემთხვევებს, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო. საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის მეტად უსაფრთხო სატრანსპორტო გარემოს შექმნა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
#არგაიმეოროშეცდომა – ეს არის ახალი სოციალური კამპანიის სლოგანი. რადგან სოციალური კამპანიის ავტორების თქმით, საქართველოში სიკვდილიანობის და სხეულის დაზიანების შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ავტოსაგზაო ინციდენტებს უკავშირდება. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ბავშვებისა და მოზარდა უსაფრთხო ტრანსპორტირების საკითხიც.
სტატისტიკის თანახმად კი ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი გამომწვევი მიზეზებია: ზოლიდან ზოლში არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ღვედის გამოუყენებლობა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, დაშავდა 15 222 და დაიღუპა 879 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი.
„საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) საქართველოში ოპერირება დაიწყო.
ამ მიზნის მისაღწევად ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის საგზაო პროექტის მშენებლობასა და განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანა. საქართველოსთვის ევროკავშირისგან გამოიყო 1 მილიარდი ევროს ოდენობით დაფინანსება და ამასთან ერთად, 40 მილიონ ევრომდე გრანტის სახით გადაეცა“, – თქვა სამხრეთ კავკასიაში EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაჩიე ჩურამ.
შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი რეფორმა განხორციელდა საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ავტოსაგზაო შემთხვევები ისევ გამოწვევად რჩება. „კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საქართველოში გავაუმჯობესოთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება“, – თქვა დარახველიძემ.
სოციალური კამპანიის ავტორების თქმით, „არ გაიმეორო შეცდომა“ აქცენტს გააკეთებს იმ ადამიანების რეალურ ისტორიებზე, რომლებიც თავად დაზარალდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია საგზაო უსაფრთხოების შესახებ ბილბორდების გაკეთება 5 ქალაქში, ასევე კამპანია სატელევიზიო, სოციალურ და ონლაინ მედიაში.