ევროკავშირის პრესსამსახური: EU-მა შეაჩერა პროგრამები, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისთვის

პუბლიკა

„ევროკავშირმა შეაჩერა პროგრამები, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ჩვენ არ ვაპირებთ Erasmus+ მობილობისა და გაცვლითი პროგრამების შეწყვეტას საქართველოსთან”, – განუცხადა ევროკავშირის პრესსამსახურმა „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს, ბრიუსელში.

მათივე თქმით, ქართველი ახალგაზრდები დიდ როლს თამაშობენ ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„არა, ჩვენ არ ვაპირებთ Erasmus+ მობილობისა და გაცვლითი პროგრამების შეწყვეტას საქართველოსთან. ევროკავშირმა შეაჩერა პროგრამები, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისთვის. ახალგაზრდები არიან მცდელობის სათავეში, რომლის მეშვეობითაც საქართველომ ევროკავშირის გზაზე სვლა უნდა გააგრძელოს. ევროკავშირი გააგრძელებს მათ გვერდით ყოფნას“, — უთხრეს IPN-ს ევროკავშირის პრესსამსახურში.


26 თებერვალს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა დაწერა, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობას აღარ განაახლებს.

„გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ შეაჩერა საქართველო-გერმანიის სამეცნიერო თანამშრომლობის, მათ შორის სტუდენტების მობილობის, კვლევებისა და საქართველო EU-ის პროგრამებში მონაწილეობის განახლება – ამის მიზეზია აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერება.

ქართველებმა, რომლებსაც გერმანიის უნივერსიტეტებში უსწავლიათ – განსაკუთრებით გერმანული სტიპენდიებით – იციან, ეს დანაკარგი.

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მილიონი ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი რჩება – ასევე, ეს ამ ეტაპზე არ ეხება ჩვენს სასტიპენდიო პროგრამებს, მათ შორის, DAAD-ის პროგრამას, მაგრამ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს სინანულით ადევნებს თვალს და განიხილავს”, – დაწერა ფიშერმა.