ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა.
გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება შეეხებათ:
- საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.
- საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს.
- დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, გააგრძელებენ უვიზო რეჟიმით სარგებლობას ევროკავშირში მოკლევადიანი (90 დღე) ვიზიტების დროს.
საბჭოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის რეაქცია „ქართული ოცნების“ მიერ გასულ წელს რუსული კანონისა და ჰომოფობიური კანონის მიღებაზე. ასევე, ქმედებებზე, რომლებიც არღვევენ ფასილიტაციის შეთანხმებით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ პრინციპებს და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ინტერესებს.
საბჭოს განცხადებით, გადაწყვეტილება ასევე არის პასუხი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე გადადო.