ევროკავშირის საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სრულად შეჩერდა ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმება. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებზე გავრცელდება სავიზო კოდექსის ზოგადი წესები.
შედეგად: სავიზო განაცხადის საფასური 35 ევროდან 80 ევრომდე გაიზრდება; საჭირო გახდება დამატებითი დოკუმენტების წარდგენა; გაიზრდება სავიზო განაცხადის განხილვის დრო და გამკაცრდება მრავალჯერადი ვიზის გაცემის წესები.
„სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება ევროკავშირში პრივილეგირებული შესვლის საშუალებას აძლევს სანდო პარტიორი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებთანაც ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს. თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომით, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩეველი თავდასხმებით, რუსეთმა დაარღვია ეს ნდობა და ფეხქვეშ გათელა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებები. დღევანდელი გადაწყვეტილება არის რუსეთის ქმედებების პირდაპირი შედეგი და ჩვენი ურყევი ერთგულების კიდევ ერთი დადასტურება უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანმა.
სრული შეჩერება ეხება ყველა კატეგორიის მოგზაურს, რომელიც ევროკავშირს ხანმოკლე ვიზიტით სტუმრობს. მოსალოდნელია, რომ კომისია წარადგენს დამატებით სახელმძღვანელო მითითებებს, რათა აღნიშნული გადაწყვეტილება უარყოფითად არ აისახოს ისეთ ჯგუფებზე, რომლებიც ევროკავშირში არსებითი მიზნებით მიემგზავრებიან – ჟურნალისტები, დისიდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი 2007 წლის ივნისიდან მოქმედებდა.