ევროკავშირის საბჭომ რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვაზე საბოლოო თანხმობა განაცხადა

პუბლიკა

დღეს, 2025 წლის 26 იანვარს ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია ევროკავშირში რუსული როგორც მილსადენის გაზის, ისე თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ. ახალი წესები ასევე მოიცავს ზომებს ენერგომომარაგების ეფექტური მონიტორინგისა და დივერსიფიკაციისთვის.

ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ ეს რეგულაცია მნიშვნელოვანი ეტაპია REPowerEU-ის მიზნის მისაღწევად, რაც რუსულ ენერგორესურსებზე ევროკავშირის დამოკიდებულების დასრულებას გულისხმობს.

„დღეიდან ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზარი იქნება უფრო ძლიერი, მდგრადი და დივერსიფიცირებული. ჩვენ ვწყვეტთ რუსულ გაზზე მავნე დამოკიდებულებას და სოლიდარობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით გადავდგამთ დიდ ნაბიჯს ავტონომიური ენერგეტიკული კავშირისკენ“, – აცხადებს მაიკლ დამიანოსი, კვიპროსის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი.

რეგულაციის თანახმად, აიკრძალება რუსული მილსადენის გაზისა და თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტი ევროკავშირში. 

აკრძალვა ძალაში შევა რეგულაციის გამოქვეყნებიდან ექვსი კვირის შემდეგ. არსებული კონტრაქტებისთვის იმოქმედებს გარდამავალი პერიოდი. ეს ეტაპობრივი მიდგომა შეამცირებს გავლენას ფასებსა და ბაზრებზე.

სრული აკრძალვა თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტზე 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო მილსადენიდან იმპორტზე – 2027 წლის შემოდგომიდან.

ევროკავშირის ქვეყნები, გაზის იმპორტზე ნებართვის გაცემამდე, ვალდებულნი იქნებიან, გადაამოწმონ ქვეყანა, სადაც გაზი იქნა წარმოებული.

ახალი წესების შეუსრულებლობამ შეიძლება ჯარიმა გამოიწვიოს: მინიმუმ 2.5 მილიონი ევრო ფიზიკური პირებისთვის და მინიმუმ 40 მილიონი ევრო კომპანიებისთვის, ან კომპანიის მთლიანი წლიური ბრუნვის მინიმუმ 3.5%, ან სავარაუდო ტრანზაქციის ბრუნვის 300%.

ევროკავშირის საბჭოს თანახმად, 2026 წლის 1 მარტისთვის ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მოამზადონ ეროვნული გეგმები გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის და გამოავლინონ რუსული გაზის ჩანაცვლებასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეები.

ამ მიზნით, კომპანიებს მოეთხოვებათ, აცნობონ ხელისუფლებასა და კომისიას ნებისმიერი დარჩენილი რუსული გაზის კონტრაქტის შესახებ. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც კვლავ ახორციელებენ რუსული ნავთობის იმპორტს, ასევე უნდა წარადგინონ დივერსიფიკაციის გეგმები.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, და იმ შემთხვევაში თუ მიწოდების უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე დაემუქრება ევროკავშირის ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში, კომისიამ შესაძლოა ოთხ კვირამდე ვადით შეაჩეროს იმპორტის აკრძალვა.

ევროკომისია ასევე გეგმავს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას 2027 წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისა და ენერგიის იარაღად გამოყენების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები 2022 წლის მარტის ვერსალის დეკლარაციით შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე შეწყვეტდნენ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას.

შესაბამისად, ბოლო წლებში რუსეთიდან ევროკავშირში გაზისა და ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლისთვის, სანქციების რეჟიმის შედეგად, რუსული ნავთობის იმპორტი 3%-ზე დაბლა დაეცა, რუსული გაზი 2025 წელს კვლავ შეადგენს ევროკავშირის იმპორტის დაახლოებით 13%-ს, რაც ყოველწლიურად 15 მილიარდ ევროზე მეტია. ეს ევროკავშირს მნიშვნელოვანი რისკების წინაშე აყენებს ვაჭრობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით.