ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამოქმედო არეალი უნდა გაიზარდოს - პრეზიდენტი

პუბლიკა

საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის დაჭრასა და გატაცებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ ის შეუძლია, რომ გაააქტიუროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მისი სამოქმედო არეალი გაიზარდოს.

„საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი რამ შეიძლება მოიმოქმედოს, ეს არის ის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავააქტიუროთ და ის, რასაც ვითხოვ ამდენი ხანი არის, ამაზე ვიმუშავოთ, რომ  მისი სამოქმედო არეალი უნდა გაიზარდოს. ეს არის ის, რაც არის დღეს ჩვენს შესაძლებლობებში და აუცილებელი არის, რომ ჩვენ ყველა კუთხით ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში.

ცხინვალის საპატიმროში გახელაძის მონახულება ვერ შეძლო წითელმა ჯვარმა. ორგანიზაციის განმარტებით, მათ უკვე დაწერილი აქვთ ოფიციალური მოთხოვნა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები პროცესს სხვადასხვა მიზეზით აფერხებენ, მათ შორის, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებით.

გახელაძის ოჯახი მოინახულა სახალხო დამცველმა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს არანაირი ეფექტური ფორმატი ან მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ქართული მხარე შეძლებდა განეხილა ისეთი შემთხვევები, რომელიც უკავშირდება ადამიანის გატაცებას საოკუპაციო ხაზთან. მისი თქმით, IPRM-ის ფორმატი არის შეჩერებული, იგივე ჟენევის ფორმატზე საკითხები ხშირად დროულად ვერ წყდება და არაეფექტურია ამ თვალსაზრისით.