უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი გამოეხმაურა. მან გაიზიარა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის შეშფოთება მოსამართლეების პროცესის შერჩევის ხარვეზებსა და იმის შესახებ, რომ პარლამენტი არ დაელოდა კანონმდებლობის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.
„კვლავ არის შესაძლებლობა იმისა, რომ თუ მაგალითად კლანის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელსა და ლიდერს, მიხეილ ჩინჩალაძეს ექნება სურვილი, რომ გახდეს უზენაესის მოსამართლე და მისი სახელი წარდგენილ იქნას საქართველოს პარლამენტში, მას ამ კანონის ფარგლებში ამის შესაძლებლობა ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროცედურები შეიცვალა, არსებითად არაფერი არ იცვლება. აინტერესებს საერთოდ პარლამენტს ვენეციის კომისიის მოსაზრება თუ არა? ბუნებრივია, ეს კითხვა ჩნდება, რადგან მათ უკვე კანონი მიიღეს“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება არის ზრდილობიანი მითითება, რომ ხელისუფლება არის ჩართული წვრილმან თაღლითობაში.
„ეს არის იმ წვრილმანი თაღლითობის და დღის წესრიგის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ამ ხელისუფლებიდან საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებით. ეს განცხადება არის ზრდილობიანი მითითება, რომ ხელისუფლება არის ჩართული წვრილმან თაღლითობაში. მისი განცხადებები, ოცნებები, სურვილები ევროკავშირის წევრობაზე დარჩება მხოლოდ და მხოლოდ ოცნებებად, თუ მას არ მოჰყვა რეალური ქმედებები. მაგალითად, თუ ითხოვ რეკომენდაციებს, შემდეგ ამ რეკომენდაციებს უნდა დაელოდო მაინც, თუ ბოლომდე არ გაითვალისწინებ“, – განაცხადა დოლიძემ.
ეკა ბესელია, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ 2019 წელის 22 თებერვალს სწორედ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების 10-კაციანი სიის გამო, სამართლიანი სასამრთლოსა და სამართლიანობის მოთხოვნით დატოვა, ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნამდე კანონპროექტის მიღებით, ქართულმა მხარემ ევროპული სტრუქტურების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. მან ასევე, კანონპროექტის ხარვეზებზეც ისაუბრა.
„უბრალოდ, უპატივცემულობა გამოხატეს ევროპული სტრუქტურის მიმართ, რომელსაც ეუბნები, რომ შენი ექსპერტული მოსაზრებები მჭირდება.
თვითონ პროცედურა იმდენად გაუგებარი და იმდენად ცუდია, რომ იუსტიციის საბჭოს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვინც უნდა, ის დატოვოს სიაში და შეიძლება, ღირსეული კანდიდატი პარლამენტამდე ვერ მოვიდეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ოპონენტების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პარტნიორებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნებს მმართველი გუნდი ყოველთვის ყურადღებით ეკიდება. მისი თქმით, ქართული სასამართლო დღეს ბევრად თავისუფალია, ის არის ევროპის 20 საუკეთესო სასამართლო სისტემას შორის, რაც „ქართული ოცნების“ რეფორმების შედეგია.
„ვნახე განცხადება. მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიას ეს პროექტი ჩვენ გადავუგზავნეთ. სწორედ ჩემი ხელმოწერით და ჩემი ინიციატივით იყო გადაგზავნილი. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია და ისინი სრულად იყვნენ ინფომირებული, რომ საშემოდგომო სესია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ზუსტად 30 სექტემბერს იხურებოდა.
შესაბამისად, ჩვენ მოვიქეცით პასუხისმგებლიანად და ბოლო სასესიო დღის ჩათვლით, ველოდით ვენეციის კომისიისგან წინასწარ პოზიციას, მოსაზრებებს და დასკვნას. მათ გვითხრეს ასევე წინასწარ, რომ მხოლოდ ოქტომბრის შეხვედრაზე შეძლებდა ვენეციის კომისია ამ დასკვნის და რეკომენდაციების დამტკიცებას, შესაბასმისად, ჩვენ ველოდებით. მოგეხსენებათ, ჯერ არ არის ეს დასკვნა მზად, ჯერ არ გადმოგზავნილა ჩვენთან“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით პრესსპიკერის განცხადება გაავრცელა.
„30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო შესწორებები, რომლებიც მიმართულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვისკენ. ევროკავშირი და სხვა მთავარი დამკვირვებლები არაერთხელ გამოთქვამდნენ შეშფოთებას შერჩევის პროცესის ხარვეზებთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა აღნიშნული კანონმდებლობის შესახებ ვენეციის კომისიის აუცილებელი დასკვნის გამოქვეყნებას, რომელიც მან თავად მოითხოვა და რომელიც უახლოეს დღეებში იყო მოსალოდნელი. ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომ აღნიშნული პროცესისადმი საზოგადოების ნდობა გაზრდილიყო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცნობით, ევროკავშირი კანონმდებლობას და მის შედეგებს ვენეციის კომისიის მომავალი დასკვნის გათვალისწინებით შეაფასებს. მათივე განცხადებით, ევროკავშირი ელოდება, რომ საქართველო შერჩევის პროცესის წესებს სამომავლოდ განიხილავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ჭრილში.
„სასამართლო სისტემაში ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტების დაცვა არის საკვანძო საქართველოს სანდოობისთვის მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალში, ასევე საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის განვითარებისთვის“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში.