ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ.
კერძოდ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ გადაწყვიტა, დააწესოს შემზღუდავი ზომები ირანში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვრვებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომში ირანის მხრიდან მუდმივ სამხედრო მხარდაჭერის გამო.
სანქციები დაუწესდა 15 ფიზიკურ პირს და 6 სუბიექტს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ადამიმანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო ირანში.
ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება მოჰყვა მშვიდობიან დემონსტრანტების მიმართ ძალადობას.
ადამიანის უფლებების დარღვვევები ირანში
სანქციები დაუწესდათ: ირანის შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელ ესკანდარ მომენის, ასევე ირანის სასამართლო სისტემის წევრებს, მათ შორის გენერალურ პროკურორ მოჰამედ მოვაჰედი-აზადსა და მოსამართლე იმან აფშარს.
გარდა ამისა, დღეს სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სარდლები და პოლიციისა და სამართალდამცავი ძალების (LEF) მაღალჩინოსნები. ყველა მათგანი იყო მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ დარბევასა და პოლიტიკური აქტივისტებისა და უფლებადამცველების თვითნებურ დაკავებაში.
სიაში შეყვანილ სუბიექტებს შორის არიან: ირანის აუდიო-ვიზუალური მედიის მარეგულირებელი ორგანო (SATRA), ორგანიზაცია Seraj Cyberspace, კრიმინალური შინაარსის ნიმუშების განსაზღვრის სამუშაო ჯგუფი (WGDICC) და პროგრამული უზრუნველყოფის რამდენიმე კომპანია. ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ეს სუბიექტები ჩართული იყვნენ ცენზურაში, სოციალურ მედიაში „ტროლინგის“ კამპანიებში, დეზინფორმაციის გავრცელებაში ან ხელს უწყობდნენ ინტერნეტზე წვდომის ფართომასშტაბიან შეფერხებას სათვალთვალო და რეპრესიული ინსტრუმენტების შემუშავებით.
ევროკავშირის ცნობით, ირანში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო დაწესებული შემზღუდავი ზომები ახლა 247 ფიზიკურ პირსა და 50 სუბიექტზე ვრცელდება.
სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას და სიაში მყოფი პირებისთვის ფინანსური ან ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას. ასევე მოქმედებს ირანში იმ აღჭურვილობის ექსპორტის აკრძალვა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას შიდა რეპრესიებისთვის, მათ შორისაა ტელეკომუნიკაციების მონიტორინგის მოწყობილობები.
ირანის მხარდაჭერა რუსეთის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ
უკრაინის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 4 ფიზიკურ პირს და 6 სუბიექტს. ეს სპეციალური სანქციების რეჟიმია, რომელიც კონცენტრირებულია ირანის სახელმწიფო პროგრამაზე უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) შემუშავებისა და წარმოების შესახებ.
დღეს სანქცირებულთა შორის არიან: Khojir Missile Development and Production, რომელიც ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წამყვანი სუბიექტია, და Sahara Thunder, ირანული საიმპორტო-საექსპორტო სავაჭრო კომპანია, რომელიც ირანის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სამინისტროს საფარს წარმოადგენს.
ევროკავშირი მიუთითებს, რომ საგარეო საქმეთა საბჭო სანქციებს ასევე უწესებს სხვა კერძო კომპანიებს, რომლებიც კრიტიკულ კომპონენტებს აწვდიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს (IRGC) ან კავშირი აქვთ ირანის სარაკეტო პროგრამაში ჩართულ სუბიექტებთან.
სიაში მოხვედრილი ფიზიკური პირები არიან ბიზნესმენები, კერძო კომპანიების აღმასრულებლები და აქციონერები, რომლებიც ჩართული არიან ირანის ბალისტიკური რაკეტების შემუშავებასა და წარმოებაში და, შესაბამისად, მონაწილეობენ ირანის სარაკეტო ან უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამაში.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, ამ რეჟიმის ფარგლებში სანქცირებულთა საერთო რაოდენობა 24 ფიზიკურ პირსა და 26 სუბიექტს აღწევს. სანქციების რეჟიმის მოქმედება ბოლოს 2026 წლის 27 ივლისამდე გახანგრძლივდა.
ევროკავშირის თანახმად, საგარეო საქმეთა საბჭომ ასევე გადაწყვიტა, გააფართოოს ევროკავშირიდან ირანში ექსპორტის, გაყიდვის, გადაცემის ან მიწოდების აკრძალვა, რათა მასში მოხვდეს დამატებითი კომპონენტები და ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების წარმოებაში.
ეს ეხება სპეციალურ მასალებსა და მათთან დაკავშირებულ აღჭურვილობას, მათ შორის ენერგეტიკულ მასალებსა და ნარევებს, ელექტრონიკას, კომპიუტერებს, ტელეკომუნიკაციებსა და ინფორმაციულ უსაფრთხოებას, სენსორებსა და ლაზერებს, ნავიგაციასა და ავიონიკას, კოსმოსურ და ძრავების სისტემებს, ასევე ტექნოლოგიებს, რომლებიც შექმნილია ან ადაპტირებულია დრონებისა და რაკეტების ტესტირებისთვის, შემუშავებისა თუ წარმოებისთვის.