ევროკავშირის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ მოუთხოვიათ - ბრეგაძე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩების დემარშთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეხვედრაზე სამინისტრომ ევროკავშირის და შვედეთის ელჩებს გააცნო მიხეილ სააკაშვილზე ინფორმაცია. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის, რომ ელჩებმა ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანა მოითხოვეს.

ამის შესახებ რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„გუშინდელ შეხვედრას რაც შეეხება, ეს იყო შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, ასევე, შვედეთის ელჩთან, რომლებმაც გააჟღერეს დემარში; კერძოდ, ეს იყო მომართვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით, რაც უკავშირდებოდა შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ გავაცანით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო სააკაშვილის უფლებების დაცვისა და მისი ჯანმრთელობის, მკურნალობის მიზნით.

…მედიის მხრიდან იყო საუბარი იმის შესახებ, თითქოსდა ევროკავშირის წარმომადგენლებისგან იყო დაყენებული მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანის შესახებ. შემდეგ თითქოსდა გაისმა ისეთი ლოზუნგი, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავიყვანოთ საზღვარგარეთ და მე ამის შესახებ საკმაოდ კორექტული ფორმით ვახსენე, რომ დროის მოკლე მონაკვეთში გავრცელებული 3 ინფორმაცია იყო სიმართლესთან შეუსაბამო“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, უწყებას საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი აქვს და მისი წამების და არაადამიანური მოპყრობის მტკიცებულება არ არსებობს.

მისი თქმით, ოპოზიციამ საკითხის პოლიტიზება უნდა შეწყვიტოს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციას უნდა დაემორჩილოს.

„ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით, გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოედინება ცილისწამების ძალიან დიდი ნიაღვარი, არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.


„შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, ჩვენ გადავეცით ოფიციალური დემარში იუსტიციის მინისტრს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ევროკავშიროს ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს განაცხდა.

მისი თქმით, დემარში ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ივე სახელმწიფო ეთანხმება“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

*დემარში – ერთი სახელმწიფოს ხელისუფლების ან დიპლომატიური წარმომადგენლობის დემონსტრაციული დიპლომატიური ქმედება მეორე სახელმწიფოს ხელისუფლების მიმართ.