ევროკავშირის წარმომადგენლობა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას იზიარებს

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარს უჭერს ვენეციის კომისიას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.


ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესწორებული კანონპროექტი შეაფასა. კომისია წერს, რომ შესწორებული კანონპროექტი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს და ნაცვლად „პერსონალური მიდგომისა“ უნდა გატარდეს „სისტემური მიდგომა“.

ამ შეფასების მიღებიდან მეორე დღეს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი. „ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონს მიიღებენ და თუ ევროკომისია რეკომენდაციებიდან სიტყვა „დეოლიგარქიზაციას“ ამოიღებენ, მაშინ კანონი ძალაში არ შევა და თებერვალში გაუქმდება.