„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, დღეს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს საქართველოსთან ერთად მოლდოვაც შეიტანს.
„უკრაინის შემდეგ, ორივე, საქართველოც და მოლდოვაც დღეს ევროკავშირში წევრობის განაცხადს შეიტანს“, – წერს იოზვიაკი.
რუსეთთან ომის ფონზე უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა და ცდილობს, ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღოს.
2 მარტს კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს საქართველოც შეიტანს.
„საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა გუშინ ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, განაცხადის შეტანა 2024 წელს იყო გათვალისწინებული, თუმცა ახალი რეალობის გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.