საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი მან მედიასთან ისაუბრა.
„ყველასთვის ცენტრში დღეს არის უკრაინა და უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები და სოლიდარულები ვართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ამ დროს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული.
ჩვენ აქ ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ და ჩვენ ყველა ის ზომა მივიღოთ და რეფორმები, რაც აუცილებელია. ჩვენი და სხვა ასოცირებული ქვეყნების მომავალი დღეს ახალ მოვლენებსა და გარემოაშია, რომელიც ამას მისცემს ახალ პერსპექტივას, მაგრამ ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ, “- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კი განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა საქართველოს პრეზიდენტთან. მისი თქმით, ევროკავშირს ძალიან მტკიცე და ნათელი პოზოცია გააჩნია პარტნიორი ქვეყნების მიმართ.
„ჩვენ გვსურს განვამტკიცოთ ჩვენი კავშირები საქართველოსთან, “- განაცხადა მან.