ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

პუბლიკა

ევროკავშირმა რუსეთისთვის ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა. შემზღუდავი ზომები მიმართულია რუსეთის ეკონომიკისთვის მაღალი ღირებულების სექტორებისკენ, როგორებიცაა ენერგეტიკა, ფინანსები, ვაჭრობა და სხვა.

„ჩვენმა სანქციებმა უკვე საგულისხმოდ შეასუსტა რუსეთის ეკონომიკა და ხელი შეუშალა პუტინს, აღესრულებინა მისი გეგმა უკრაინის განადგურების შესახებ, თუმცა ის კვლავ აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკანონო აგრესიას. მე-14 პაკეტი აჩვენებს უკრაინის მიმართ ჩვენს ერთიან მხარდაჭერას”, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

ახალი პაკეტი მოიცავს შემზღუდავ ზომებს დამატებით 116 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ. კერძოდ, ეხებათ იმ ადამიანებსა თუ კომპანიებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს აფინანსებენ და ხელს უწყობენ.

პარალელურად, დღეს საქართველოს შესახებ ლუქსემბურგში მსჯელობა იმართება. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირში საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ, თუმცა შესაძლოა, მალე მიიღონ მოკლევადიანი ზომები, მათ შორის დახმარების შეჩერება.