ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა

პუბლიკა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა – საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, ახალი პაკეტი მოიცავს 200-მდე რუსულ ჩრდილოვან ფლოტის ხომალდს.

მისი თქმით, ახალი სანქციები, ასევე, მიემართება ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებების დაცვას. კალასი აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები კვლავ მზადდება.

„რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი”, – წერს ის.

გუშინ, 19 მაისს აშშ-ის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ტრამპი-პუტინის საუბრის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა. პუტინის თქმით, საუბარი 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და „ეს იყო ინფორმაციული, გულწრფელი და ძალიან სასარგებლო“.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა საუბრისას გამოთქვა თავისი პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.

პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა,იმუშაოს უკრაინასთან მემორანდუმზე  რომელიც ცეცხლის შეწყვეტას მოიცავს.