ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა. მათ შორის, სანქციებს მხარი დაუჭირეს უნგრეთმა და სლოვაკეთმა.
სანქციები მოიცავს რუსული თხევადი აირის იმპორტის აკრძალვას.
„ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც მოიცავს ენერგეტიკულ, ფინანსურ და სავაჭრო ზომებს. მისი სამიზნე რუსეთის ძირითადი შემოსავლების ნაკადებია“, – განაცხადა დანიის წარმომადგენელმა – ახლა სწორედ დანიაა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა.
თხევადი ბუნებრივი აირის აკრძალვა ძალაში 2 ეტაპად შევა: მოკლევადიანი კონტრაქტები 6 თვეში დასრულდება, გრძელვადიანები კი – 2027 წლის 1 იანვრიდან.
პარალელურად ევროკომისია მუშაობს გეგმაზე, რომლითაც უნდა დასრულდეს რუსულ საწვავზე დამოკიდებულება.
სანქციებით გათვალისწინებული ზომები ასევე გულისხმობს ახალ მექანიზმებს, რომლებიც შეზღუდავს რუსი დიპლომატების გადაადგილებას ევროკავშირში.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა X-ზე დაწერა, რომ სანქციები ასევე ეხება რუსულ ბანკებს, კრიპტო ბირჟებს, ასევე, იურიდიულ პირებს ინდოეთიდან და ჩინეთიდან.
„პუტინისთვის ომის დაფინანსება უფრო და უფრო რთული ხდება“, – თქვა კაია კალასმა.