ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კიდევ 6 რუს რუს პროპაგანდისტს.
სანქციები დაწესდა ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) გამო.
გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ დღეს, 29 იანვარს მიიღო.
სანქცირებულთა სიააში მოხვდნენ ტელეწამყვანები: დმიტრი გუბერნიევი, ეკატერინა ანდრეევა და მარია სიტელი, ასევე პროპაგანდისტი პაველ ზარუბინი.
ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ისინი მუშაობენ რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხებზე, მხარს უჭერენ მათ ან მიჰყავთ ისეთი პროპაგანდისტული გადაცემები, როგორიცაა „პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან“. ამ გადაცემებში ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის ომის შესახებ და აქებენ პუტინის რეჟიმს.
სანქცირებულთა სიაში ასევე შევიდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები: მსახიობი რომან ჩუმაკოვი და უკრაინული წარმოშობის რუსი ბალეტის მოცეკვავე სერგეი პოლუნინი.
„ეს პირები საკუთარი საქმიანობით ეწევიან პრორუსული პროპაგანდისა და კონსპირაციული თეორიების პოპულარიზაციას უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ასევე ავრცელებენ ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ ნარატივებს. დღეს სანქცირებული ყველა პირი აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, მაგალითად, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ფულადი სახსრების შეგროვების გზით“. – წერია ევროკავშირის განცხადებაში.
ევროკავშირის თანახმად, ამჟამად რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული საქმიანობის გამო შეზღუდვები სულ 65 ფიზიკურ პირსა და 17 ორგანიზაციაზე ვრცელდება.
სიაში შეყვანილ პირებს გაეყინებათ აქტივები – ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფულადი სახსრების ან სხვა სახის ეკონომიკური რესურსების მიწოდება. აეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა, მათ შორის, ტრანზიტით.