ევროკავშირმა საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოყო კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ქვეყნის მაკროფინანსურ სტაბილურობას, რათა მთავრობამ შეძლოს, დაეხმაროს მოქალაქეებსა და კომპანიებს პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავებაში.
„დღეს ევროკავშირმა მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში საქართველოს მისი საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გდმოურიცხა. მაკროფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი საგარეო საფინანსო მდგომარეობის აღდგენას და იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების თანმდევია. 2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა.
ამ დახმარების შემდგენელი ნაწილებია: 75 მილიონი ევრო 2020 წლის აპრილში გამოცხადებული მაკროფინანსური დახმარების ახალი პროგრამიდან, რომელიც მიზნად ისახავდა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შერბილებას; 25 მილიონი ევრო არის ბოლო ტრანში 2018 წლის აპრილში დამტკიცებულ წინა მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან. საერთო ჯამში, 95 მილიონი ევრო ხელსაყრელი პირობების მქონე სესხების, ხოლო დანარჩენი 5 მილიონი ევრო – გრანტის სახით გაიცემა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას კოვიდ-19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ვამაყობთ, რომ ამ თანხებს გამოვყოფთ, რაც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, რათა მთავრობამ თავისი მოქალაქეებისა და კომპანიების საუკეთესო მხარდაჭერაზე ყურადღების გამახვილება შეძლოს. ეს არის ევროკავშირის საქართველოსთვის კოვიდ-19 პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული უფრო ფართო 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილი. ასევე მიგვაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ დახმარებასთან დაკავშირებული შეთანხმებული რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შემდგომი დაახლოვების გრძელვადიან პერსპექტივას და საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება კონკრეტული სარგებელს მომტანი ისეთ ასპექტებში, როგორიცაა მართლმსაჯულება, შრომის უსაფრთხოება და პენსიები.” – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.