ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ GRETA-ის პროექტის ფარგლებში „ტურიზმის განვითარების ინიციატივის” (TDI) პროექტი წამოიწყეს. პროექტის ფარგლებში მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში ტურიზმის განვითარების სფეროში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.
აღნიშნულ პროექტში მონაწილე თითოეული აპლიკანტისთვის ან აპლიკანთა ჯგუფისთვის 5 000-დან 50 000 ევრომდე გრანტია გამოყოფილი, პროექტის სრული ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ით თანადაფინანსების ჩათვლით. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და არ უნდა აჭარბებდეს 24 თვეს. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სამუშაო 2022 წლის 30 სექტემბრამდე დასრულებული უნდა იყოს.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 3 აგვისტო, საქართველოს დროით 18:00.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში დაფუძნებულ, ან საქმიანობების მწარმოებელ მეწარმეებს, კომპანიებს და იურიდიულ პირებს.
„ტურიზმი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარებისთვის. პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ევროკავშირი, შვედეთთან და ავსტრიასთან ერთად აცხადებს საგრანტო კონკურსს ტურიზმის სფეროს აღორძინებისთვის და მომავალში ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა საქმიანობის გაფართოვების ხელის შეწყობის მიზნით. პრიორიტეტი მიენიჭება გარემოსთვის უვნებელ და საზოგადოებრივ საჭიროებებზე დაფუძნებულ ინიციატივებზე”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.
GRETA ოთხწლიანი პროექტია, რომლის მიზანიც მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობაა მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროებში. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 6,8 მლნ ევროა.
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.