ევროკავშირს კრიზისის დაძლევაში გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი აქვს - სამადაშვილი

პუბლიკა

ოპოზიციურ პარტიებსა  და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში არსებულ კრიზისსა და ამ კრიზისიდან გამოსავალზე ისაუბრეს.

„ჩვენი ევროპელი მოკავშირების და სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არის უკიდურესად მაღალი.

ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პროცესი, რომელიც ქვეყანაში შეიძლება განვითარებას, აწყობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს.

ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი, სწორედ ამიტომ, გვქონდა საფუძვლიანი საუბარი როგორც იმაზე, თუ როგორ შეიძლება, რომ ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, ასევე იმ მთავარ პრობლემებზე, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ კრიზისიდან გამოსავლის თვალსაზრისით.

ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პატიმრების თემა. კიდევ მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ იმისთვის, რომ დავიწყოთ კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა; და მეორე – ქვეყანას სჭირდება ახალი, განახლებული დემოკრატიული პროცესი და ამისთვის უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, შარლ მიშელისგან მიიღეს დაპირება, რომ ევროკავშირი იქნება უკიდურესად აქტიურად ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს, მათ შორის, ხელისუფლებაზეც.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისში გუშინ, 28 თებერვალს ჩამოფრინდა.

ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრსა და მოინახულა საოკუპაციო ხაზი.