ევროკავშირსა და სომხეთს შორის უვიზო რეჟიმზე დიალოგი დაიწყო

პუბლიკა

გუშინ, 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიასა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგი გაიხსნა. როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს ნაბიჯი ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების ფართო ჩარჩოს ნაწილია.

„დიალოგი გააძლიერებს მიმდინარე ძალისხმევას სომხეთის ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად, უფრო კონკრეტულად იმ არეალში, რომელიც გადამწყვეტია ევროკავშირში სამომავლო უვიზო მოგზაურობისთვის, მათ შორის დოკუმენტების უსაფრთხოება, სასაზღვრო და საიმიგრაციო მართვა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე, ფუნდამენტური უფლებების დაცვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამომავლო ნაბიჯი მოიცავს ევროკომისიისა და სომხეთის მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობას, რათა მოლაპარაკებები წარიმართოს ეფექტიანად. ევროკომისია მიუთითებს, რომ პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებულია და საჭიროებისამებრ გაგრძელდება.

მათივე განცხადებით, უვიზო მიმოსვლა ავტომატურად არ ამოქმედდება და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ყველა კრიტერიუმის სრულად შესრულება.