ბრიუსელში ასოცირების საბჭოს დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრესკონფერენცია გამართეს.
ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირში გაწევრების გზაზე საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, ევროკომისიის მიერ ასახული 12 რეკომენდაციის შესრულება და შეამციროს პოლარიზაცია, რაც ქვეყანას ნაკისრი ვალდებულებების, ევროკავშირს კი საქართველოს ამბიციების გამართლებაში დაეხმარება.
„ევროკავშირში გაწევრება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, არ არსებობს მოკლე გზა ან გადახვევა, არის პოლიტიკური ნება, პოლიტიკური დეკლარაცია, რომელიც შედეგებში გადაიზრდება და მხოლოდ ხილვადი, ხელმისაწვდომი და ხელშესახები შედეგები განაპირობებს ამ გზაზე წინსვლას“, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია ინკლუზიურობა, კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლების ხარისხი.
ამასთან, ბორელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესი ხდებოდეს მთელი ერის კონსენსუსის საფუძველზე.
„ყველამ ერთად უნდა იმუშაოს, არამარტო მთავრობამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ პროცესს ვუწოდებთ ინკლუზიურ პროცესს, რადგან მასში უნდა აისახოს მოსახლეობის უმრავლესობას სურვილი, რათა ევროკავშირს დაუკავშიროს თავისი მომავალი.
მინდა აღვნიშნო სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ გზაზე ყველა მონაწილე, ყველა მოთამაშე ასრულებს თავის როლს, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება.
ეს არ არის მარტივი, განსაკუთრებით ამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაგრამ თქვენ მარტო არა ხართ, ევროკავშირი და ყველა ევროპული ინსტიტუტი თქვენთან არის, თქვენს დასახმარებლად არის მზად“, – განაცხადა ბორელმა.
ბორელის თქმით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს პოლიტიკური დიალოგი, ევროკავშირი საქართველოს მეგობარი და მისი პარტნიორია და ღიად საუბრობს საქართველოსთან.
„შესანიშნავი სამუშაოა უკვე გაწეული, მაგრამ ასევე უნდა აღვნიშნო, რომ კიდევ დიდი ძალისხმევაა გასაწევი“, – თქვა ბორელმა.