ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს კანდიდატის სტატუსის აღსანიშნად ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვა საქართველოს პრეზიდენტის მისალმებით გახსნა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ პირობების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ევროკავშირის ოცდაშვიდმა სახელმწიფომ ერთხმად გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
გილოცავთ პოლიტიკურ ლიდერებს, გილოცავთ საჯარო მოხელეებს, გილოცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, გილოცავთ მედიას. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ევროკავშირში მკაფიოდ ისმის საქართველოს მოსახლეობის ხმა. ისევე როგორც, აქ და ახლა, მე მესმის თქვენი.
დღევანდელი გადაწყვეტილება თითოეული თქვენგანის მიერ გაწეული ძალისხმევის დაფასებაა. ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ამიტომ, ახლა დროა პოლიტიკურმა ლიდერებმა აღასრულონ ხალხის ნება და სწრაფად გაატარონ რეფორმები.
საქართველოს სახელმწიფოს გერბზე წერია – ძალა ერთობაშია. დღეს, ჩემი მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის – ახლა ევროპული მომავლისთვის გაერთიანების დროა! თითოეული თქვენგანი საქართველოს თანამედროვე ისტორიას ქმნის.
ევროკავშირის წევრობა მოიტანს მშვიდობას, სტაბილურობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და მომავალი თაობებისთვის. თავის მხრივ, საქართველოს უნიკალური კულტურა და ტრადიციები ევროკავშირს მრავალფეროვნებას შემატებს
ეს დღე ძალიან ემოციურია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ.
კიდევ ერთხელ გილოცავ, „საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო სად არის?”
წინ, საქართველო, წინ!“,- განაცხადა ელჩმა. მან ღონისძიების დამსწრეებს ქართულ ენაზე მიმართა.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა – ირაკლი ღარიბაშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს ხელისუფლების დამსახურებაზე, თუმცა მათ არ უხსენებიათ საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებას ესწრება, თუმცა მას სცენიდან მოსახლეობისთვის მიმართვის საშუალება არ მიეცა.
გუშინ, 14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.