ევროკავშირში მსგავსი შესაძლებლობების ფანჯარა ათწლეულებში ერთხელ იხსნება - ჩხიკვაძე

პუბლიკა

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციებს ეხმაურება და ამ ქვეყნების ევროპულ პერსპექტივაზე საუბრობს. ვანო ჩხიკვაძე წერს, რომ დრო ახლა საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს და თუ ქვეყანამ მალევე პროგრესი ვერ აჩვენა, მისთვის ევროკავშირის კარი შეიძლება დიდი ხნით დაიხუროს.

„ამ წლის ბოლოს ევროკომისია შეაფასებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინასა და მოლდოვასაც. დიდი ალბათობით არც ერთი და არც მეორე ქვეყანა მიღწეული (კანდიდატის სტატუსით) გამარჯვებით არ დაკმაყოფილდება და ყველაფერს იზამს, რომ ევროკავშირთან შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, ანუ გაწევრების მოლაპარაკებები დაიწყოს.

თუ მათ ეს შეძლეს, ჩვენ კი მოცემულ 12 პუნქტზე პროგრესი ვერ ვაჩვენეთ და კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ჩვენსა და მოლდოვა-უკრაინას შორის ევროინტეგრაციის გზაზე ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზრდება.

მომავალი წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის როტაციულ პრეზიდენტობას შვედეთი იღებს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი შემქმნელი და ტრადიციულად გაფართოების მხარდამჭერი ქვეყანაა. ამის მერე იწყება ახალი ტრიოს პრეზიდენტობა (ესპანეთი 2023 II ნახევარი, ბელგია 2024 წლის I ნახევარი და უნგრეთი 2024 წლის II ნახევარი), რომლებიც ჩვენი რეგიონისკენ ნაკლებად იყურებიან.

2024 წელს ევროკავშირი შიდა საქმეებზე უფრო გადაერთვება. ამ წელს ახალი ევროპარლამენტის არჩევნებია, ასევე მოქმედ ევროკომისიას ვადა ეწურება. არავინ იცის, ამ ინსტიტუციებში ვინ მოვა და მათ რა პრიორიტეტები ექნებათ“, – წერს ვანო ჩხიკვაძე.

ამიტომ, როგორც ვანო ჩხიკვაძე წერს, ამ შემთხვევაში დრო საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, ტრიოს ფორმატის დაშლა კი საქართველოს მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს, რადგან, როგორც წესი, ევროკავშირი რეგიონული გაფართოების მომხრეა.

„უკრაინა-მოლდოვასთან ჩამორჩენის შემთხვევაში შეიძლება მოგვიწიოს სომხეთ-აზერბაიჯანს ან თურქეთის ევროკავშირისკენ წასვლას დაველოდოთ. ეს რამდენად შესაძლებელია ან როდის მოხდება, ძნელი სათქმელია.

ასე რომ, დრო ახლა ევროკავშირში გაწევრების პროცესში ჩვენ მოკავშირედ ნამდვილად ვერ ჩაითვლება. არათუ თითოეულ დღეს, თითოეულ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გვაქვს არასრული 180 დღე იმისთვის, რომ საქმე 180 გრადუსით შევატრიალოთ.

ევროკავშირის გაფართოების ამბავს ვინც თვალს ადევნებს, ყველამ იცის, რომ მსგავსი შესაძლებლობის ფანჯარა ათწლეულებში ერთხელ იხსნება. როდის გაიხსნება კიდევ მსგავსი შესაძლებლობა და იქნება თუ არა იგი, საერთოდ არავინ იცის“, – წერს ვანო ჩხიკვაძე.

ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები 17 ივნისს გამოაქვეყნა. კომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა თანდართული პირობებით. საქართველოსთვის კი – იმ შემთხვევაში, თუკი გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს.

ევროკომისიის დასკვნის შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის ლიდერები 23-24 ივნისს იმსჯელებენ, ევროკომისია კი რეკომენდაციების შესრულების შესახებ წლის ბოლოს ანგარიშს გამოაქვეყნებს.