ევროკომისარი: შეშფოთებული ვარ „გრანტების შესახებ“ კანონში შემოთავაზებული ცვლილებებით“

პუბლიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ოფლაერტი შეშფოთებულია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„მე ვთხოვ პარლამენტს, უარყოს ეს ცვლილებები და მოვუწოდებ ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი ერთგულება სამოქალაქო სივრცისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართ“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მაიკლ ოფლაერტი ყურადღებას ამახვილებს ბუნდოვან გარმატებებზე, შეზღუდვების გაფართოებაზე, ადამიანის უფლებების სტანდარტებისგან გადახრაზე.

ევროკომისრის შეფასებით, „ეს ცვლილებები კიდევ უფრო ამძაფრებს 2024 წლიდან მიღებული შემზღუდავი კანონებისა და რეგულაციების სერიას, რომლებმაც სერიოზულად შეარყია სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში…“

„ქართულ ოცნებამ“ „გრანტების კანონში“ მორიგი ცვლილებები დააანონსა. ცვლილებები ასევე გათვალისწინებულია პარტიების კანონში, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში.

პროექტის მიხედვით, გრანტად მიიჩნევა სხვა სახელმწიფოდან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან მიღებული სახსრები, რომელიც ხმარდება/შეიძლება მოხმარდეს:

ხელისუფლებაზე ან საზოგადოებაზე ზეგავლენის მიზნით ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ;

ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

გრანტად ასევე მიიჩნევა:

პოლიტიკური ინტერესების შესასრულებლად გაწეული ტექნიკური დახმარება – უსასყიდლოდ ან ანაზღაურების სანაცვლოდ;

სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობისთვის გადაცემული სახსრები.

ამ გრანტების მიღებას საქართველოს მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.

ზოგიერთ შემთხვევაში თანხმობის მისაღებად მთავრობისთვის მიმართვა სავალდებულო იქნება ისეთი გრანტის გამოსაყენებლად, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე იქნა მიღებული.

კანონის მოთხოვნების დარღვევა სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს – სასჯელი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც.

პარტიების შესახებ კანონში ცვლილებით, ტერმინი „გაცხადებული საარჩევნო მიზანი“ იცვლება ტერმინით – „გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზანი“.

გაცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონედ მიიჩნევა სუბიექტი, „რომელიც არ არის რეგისტრირებული პარტიად, თუმცა თავისი საქმიანობის შინაარსითა და საჯარო მოქმედებით, მათ შორის, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით, არსებითად ჰგავს პოლიტიკურ პარტიას“.

პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო შემოსავალი. 8 წლის ათვლა დაიწყება იმ წლიდან, როცა მან ბოლოს მიიღო ასეთი შემოსავალი.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად მოაზრებულია ორგანიზაცია, მაუწყებელი ან სხვა ტიპის მედიასაშუალება, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

პარტიის მიერ ნებისმიერი უცხოური სახსრების მიღება გამოიწვევს პარტიის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას. სასჯელი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც.

20 000 დაჯარიმდება მეწარმე იურიდიული პირი, რომელიც საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განახორციელებს, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.

„პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე რამე გავლენის მოხდენის მიზნით აქტივობა,რომელიც მიმართული იქნება საგარეო ან საშინაო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ“, – აღნიშნულია პროექტში.