ბორელი და ევროკომისია: განვიხილავთ ყველა ვარიანტს რუსული კანონის მიღებაზე რეაგირებისთვის

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს რუსული კანონის მიღებაზე რეაგირებისთვის.

განცხადებაში, რომელსაც უერთდება ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიც, წერია:

„ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ პარლამენტმა ჩააგდო პრეზიდენტის ვეტო „კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რომელსაც მოჰყვა რეკომენდაცია ამ კანონის გაუქმების შესახებ.

ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი ამოქმედება იწვევს კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციის (დეზინფორმაციის შესახებ; პოლარიზაციას; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ) ცხრა ნაბიჯიდან, სულ მცირე, სამში უკან დახევას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღმა, აქამდე არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მიპყრობილი ცხრა საფეხურის არსებითი პროგრესისთვის.

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას. ჯერაც არის დრო ამ გზაზე დინამიკის შეცვლისთვის, მაგრამ ამისთვის საჭიროა ხელისუფლების მტკიცე ერთგულება.

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები განიხილავენ ყველა შესაძლო ვარიანტს მოვლენების ამ განვითარებაზე რეაგირებისთვის.

ჩვენ კვლავ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ვაღიარებთ მისი უდიდესი უმრავლესობის არჩევანს, რაც მათი ქვეყნისთვის ევროპულ მომავალს გულისხმობს”.

დღეს, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო.

პროცედურის მიხედვით, პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი უყარა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს (ვეტოს) და არ გაიზიარა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე გამოვიდა რუსული კანონის პირვანდელი ვერსია.

რუსულ კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.