ევროკომისია მოლდოვას დამატებით 189 მილიონ ევროს გამოუყოფს 

პუბლიკა

ევროკომისია მოლდოვას „რეფორმებისა და ზრდის მექანიზმის“ ფარგლებში 189 მილიონი ევრო გამოუყოფს, ვინაიდან მოლდოვამ წარმატებით შეასრულა 24 რეფორმა/ნაბიჯი. ევროკომისია აცხადებს, რომ ეს ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის მიაღწია.

ევროკომისიის თანახმად, ამ თანხიდან 173 მილიონი ევრო პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება, ხოლო 16 მილიონი ევრო „სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (NIP) მეშვეობით მოლდოვაში მიმდინარე პროექტებს მოხმარდება. აღნიშნული ტრანში ემატება 2025 წელს მოლდოვისთვის უკვე გამოყოფილ 289 მილიონ ევროს.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა დღეს მოლდოვის წარმომადგენლებთან არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა:

„მოლდოვამ კიდევ ერთხელ შეასრულა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები. განხორციელებულ რეფორმებს რეალური სარგებელი მოაქვს ბიუროკრატიის შემცირებიდან და გაუმჯობესებული ონლაინ სერვისებიდან დაწყებული, სუფთა გარემოთი დამთავრებული. როდესაც პარტნიორები ასრულებენ პირობას, ევროკავშირმაც იგივე უნდა გააკეთოს. ჩვენი ფონდები პირდაპირ დაეხმარება მოლდოვის მოქალაქეებს და ქვეყანას ევროკავშირის გზაზე სვლაში შეუწყობს ხელს“.

ევროკომისიის ცნობით, ის 24 ნაბიჯი, რომელიც მოლდოვამ შეასრულა, შეეხებოდა ბიზნესისთვის ადმინისტრაციული ტვირთის შემცირებას, კიბერუსაფრთხოებასა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გაძლიერებას, სამთავრობო სერვისების ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას, საბიუჯეტო გამჭვირვალობის გაუმჯობესებას, ასევე თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლას, აქტივების აღდგენისა და სასამართლო სისტემების გაძლიერებას. ამოქმედდა ელექტროენერგიისა და ბალანსირების ეროვნული ბაზრები და გაიზარდა განახლებადი ენერგიის ათვისება.

ევროკომისია ამბობს, რომ „ზრდის გეგმის“ ფარგლებში, მოლდოვა ახორციელებს რეფორმებს ქვეყნის უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველობის გასაზრდელად. ამ მიზნით, 2025 წლის სექტემბერში კომისიამ გამოაცხადა ინტერესის გამოხატვა კერძო სექტორისთვის, რათა სტიმული მისცეს ინვესტიციებს მოლდოვაში. ინიციატივა მიზნად ისახავს მოლდოვაში ტრანსფორმაციული კერძო ინვესტიციების სერიის შექმნას, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან მიიღონ მხარდაჭერა კომისიისა და მისი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებისგან.

გარდა ამისა, დღეს, 17 მარტს, მოლდოვამ დაიწყო ტექნიკური მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრებაზე ბოლო კლასტერისთვის. გაწევრებაზე მოლაპარაკებები 33 თავისგან, ანუ 11 კლასტერისგან შედგება და გულისხმობს რეფორმების გატარებას სხვადასხვა მიმართულებით.

ევროინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის, კრისტინა გერასიმოვის განცხადებით, რომ საქმე ეხება კონკურენტუნარიანობასა და ინკლუზიური ზრდას, მწვანე დღის წესრიგსა და კავშირგაბმულობას, და სოფლის მეურნეობას.

„მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ეს მოლაპარაკებები არ არის მხოლოდ ბრიუსელში მიმდინარე ტექნიკური პროცესი. ისინი ნიშნავს რეალურ ცვლილებებს აქ, სახლში: ძლიერ ეკონომიკას, ინვესტიციებს გზებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურაში, სუფთა გარემოს, საკვების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს, უკეთეს განათლებასა და ხარისხიან საჯარო სერვისებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ევროპული სტანდარტებისა, რომლებითაც ჩვენს თემებში ვისარგებლებთ.

ყველა რეფორმის გასატარებლად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი. თუმცა მიმართულება ნათელია. მოლდოვა მტკიცედ მიიწევს წინ თავისი სტრატეგიული მიზნისკენ: ევროკავშირში გაწევრიებისკენ“, – განაცხადა კრისტინა გერასიმოვმა.


საქართველო ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ის „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად 2024 წლის 28 ნოემბერს შეწყვიტა. ირაკლი კობახიძის განცხადებას გაწევრებაზე მოლაპარაკებების „2028 წლამდე შეჩერების“ შესახებ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომელსაც „ოცნება“ ძალადობით, ასევე, სპეციალური საშუალებებით, მათ შორის წყლის ჭავლით დაუპირისპირდა. პროტესტში მონაწილეობის გამო დააკავეს ათობით ადამიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ 400-ზე მეტს.

პროტესტი საქართველოში ამ დრომდე უწყეტად გრძელდება, რის გამოც „ქართული ოცნება“ პერიოდულად ამკაცრებს კანონმდებლობას მრავალი მიმართულებით.