ევროკომისია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაციას უწევს.
შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა, რომელმაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
ურსულა ვონ დერ ლეიენმა საქართველოს შესახებ თქვა:
„ეს ის დღეა, რომელიც საქართველომ ნამდვილად უნდა იზეიმოს. როგორც წესი, როცა ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას ამა თუ იმ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვამბობთ, რომ ჯერაც არის საკითხები, რომლებიც უნდა გაკეთდეს, საშინაო დავალება უნდა შესრულდეს. ამის შესახებ დეტალურად ანგარიშსა და რეკომენდაციებში წერია. თუმცა, კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია საქართველოსთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ასევე არის იმის აღიარება, რომ ქართველი ხალხის შთამბეჭდავ, აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ევროკავშირში გაერთიანება”.
მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი – საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.
ევროკომისია ასევე რეკომენდაციას გასცემს, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან. და დაიწყოს გაწევრებაზე მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, როგორც კი მიიღწევა შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი.
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოსთან დაკავშირებით კი მისი „ევროპული პერსპექტივა” აღიარა. ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი დავალება მისცა.