ევროკომისიამ დრონების საფრთხესთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა წარადგინა

პუბლიკა

ევროკომისიამ დრონების საფრთხესთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს დრონების მიერ ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის შექმნილი მზარდი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას.

სამოქმედო გეგმის შემუშავებას და განხორციელებას ხელმძღვანელობს ევროკომისიის ციფრული მიმართულება, თუმცა ამ პროცესში ასევე ჩართულია თავდაცვის, ტრანსპორტის და შინაგანი საქმეების დირექტორატები.

ევროკომისია აცხადებს, რომ ბოლო წლებში ევროკავშირი დრონებსა და მეტეოროლოგიურ, ანუ ამინდის ბუშტებთან დაკავშირებული მზარდი და მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის არის საჰაერო სივრცის დარღვევები, მტრული ფრენები, აეროპორტების მუშაობის შეფერხებები, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის, გარე საზღვრებისა და საზოგადოებრივი სივრცეებისთვის შექმნილი რისკების.

ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ სამოქმედო გეგმა არის ამბიციურ პროექტი ევროკავშირის შიგნით მტკიცე თანამშრომლობისა და სოლიდარობისთვის – ის ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი ევროპული დრონების ბაზრის განვითარებას, რაც გზას უხსნის ინოვაციებს, ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას ამ მნიშვნელოვან სექტორში.

სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს მზადყოფნის გაძლიერებას, დრონების მიერ საჰაერო სივრცის და სხვა მტრული ქმედებების გამოვლენის შესაძლებლობების გაძლიერებას, რეაგირების კოორდინაციას და ევროკავშირის თავდაცვის მზადყოფნის გაძლიერებას.

კერძოდ, გეგმის თანახმად:

  • შეიქმნება კოორდინირებული სამოქალაქო-სამხედრო ინდუსტრიული რუკა ინვესტიციების მოსაზიდად და ინოვაციებისა და თავსებადობის ხელშესაწყობად;
  • გაძლიერდება ანტი-დრონული ტესტირების შესაძლებლობები ევროკავშირის ახალი ანტი-დრონული ექსპერტიზის ცენტრის მეშვეობით და შემუშავდება ანტი-დრონული სისტემების სერტიფიცირების სქემა;
  • დაიწყება დრონებისა და ანტი-დრონული ინდუსტრიის ფორუმი ინდუსტრიულ აქტორებთან დიალოგისთვის, წარმოების მასშტაბების გაზრდის მიზნით.

ამასთან, კომისიამ წარმოადგინა დრონების უსაფრთხოების პაკეტი“, რათა გადაიხედოს არსებული წესები სამოქალაქო დრონების შესახებ და ისინი მოერგოს უსაფრთხოების ახალ რეალობას.

პაკეტი მოიცავს რისკების კოორდინირებულ შეფასებას დრონებისა და ანტი-დრონული სისტემების მიწოდების ჯაჭვების დასაცავად, ასევე „ევროკავშირის სანდო დრონის“ (EU Trusted Drone) მარკირების დანერგვას ბაზარზე უსაფრთხო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისთვის.

კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად კომისია შეიმუშავებს მკაფიო სახელმძღვანელო მითითებებს ოპერატორებისთვის, დაიწყებს საპილოტე პროექტს საზღვაო ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად და დაეხმარება წევრ ქვეყნებს მაღალი სიმაღლიდან მომდინარე საფრთხეებისგან (მაგალითად, ევროკავშირის გარედან გაშვებული მეტეოროლოგიური ბალონებისგან) თავდაცვაში.

ტექნოლოგიებისა და 5G ქსელების გამოყენება დრონების უკეთ აღმოსაჩენად

ევროკომისიის განცხადებით, მტრული მიზნებით გაშვებული დრონების აღმოჩენა, თვალთვალი და იდენტიფიცირება გადამწყვეტია საფრთხეებთან დასაპირისპირებლად. ეს მოითხოვს გაუმჯობესებულ სიტუაციურ აღქმას, რათა მოხდეს მეგობრული და მტრული ობიექტების გარჩევა. ამ მიზნით, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საჰაერო მონიტორინგის ერთიანი სისტემების მხარდაჭერას და წევრ ქვეყნებთან ერთად „დრონების ინციდენტების პლატფორმის“ ეტაპობრივ შექმნას.

კომისია აცხადებს, რომ ის გააგრძელებს წამყვანი ტექნოლოგიური პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით მრავალსენსორულ მიდგომას იყენებენ. არსებული საფრთხეების, განსაკუთრებით კი „დრონების გუნდების“ გამოყენების გათვალისწინებით, აუცილებელია 5G ქსელების სასწრაფო გამოყენება დრონების აღმოსაჩენად.

რეაგირების გაძლიერება მტრული დრონების აქტივობაზე

მიუხედავად იმისა, რომ დრონების საფრთხეებზე რეაგირებაზე პირველადი პასუხისმგებლობა წევრ ქვეყნებს ეკისრებათ, ევროკავშირს შეუძლია მნიშვნელოვანი დამატებითი ღირებულების შეტანა ამ პროცესში. კომისია გამოაცხადებს კონკურსს დაინტერესებული ქვეყნებისთვის, რათა გაერთიანდნენ ანტი-დრონული სისტემების ერთობლივ შესყიდვასა და დანერგვაში. ასევე, მხარს დაუჭერს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სუვერენული ევროპული „მართვისა და კონტროლის“ სისტემების შექმნას.

კომისია ასევე გვთავაზობს ყოველწლიური ფართომასშტაბიანი ევროპული ანტი-დრონული სწავლების ჩატარებას ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და სამოქალაქო-სამხედრო სინერგიის გამოსაცდელად. გარდა ამისა, გაგრძელდება Frontex-ის (ევროკავშირის საზღვრებისა და სანაპირო დაცვის სააგენტო) უზრუნველყოფა საზღვრის ზედამხედველობისთვის საჭირო ტექნოლოგიებით.

ევროპის თავდაცვის მზადყოფნის გაძლიერება

ეს სამოქმედო გეგმა დაეხმარება წევრ ქვეყნებს ევროპის სამხედრო მზადყოფნის ამაღლებაში ინოვაციებისა და ინდუსტრიული თანამშრომლობის გზით. კომისია გააძლიერებს მხარდაჭერას დრონების მტკიცე ეკოსისტემის შესაქმნელად უკრაინასთან „დრონების ალიანსის“ მეშვეობით. ეს სამუშაო საფუძვლად დაედება „ევროპული დრონების თავდაცვის ინიციატივას“ და „აღმოსავლეთ ფლანგის გუშაგის“ (Eastern Flank Watch) ინიციატივას, რომელიც 2030 წლის თავდაცვის მზადყოფნის საგზაო რუკის ფლაგმანი პროექტია.

შემდგომი ნაბიჯები

კომისია დაიწყებს დისკუსიებს წევრ ქვეყნებთან შემოთავაზებულ ქმედებებსა და პრიორიტეტებზე. სამოქმედო გეგმა უნდა განიხილებოდეს როგორც დინამიური პროცესი, რომელიც ადაპტირდება საფრთხეების ევოლუციისა და ხასიათის მიხედვით. კომისია ასევე სთავაზობს წევრ ქვეყნებს, დანიშნონ დრონების უსაფრთხოების ეროვნული კოორდინატორები, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ ამ ქმედებების ეროვნულ დონეზე განხორციელებას.

ევროკომისიამ უკვე გამოაცხადა დრონების განლაგების გეგმები იმ ქვეყნების მხარდასაჭერად, რომლებიც მიგრაციული ზეწოლის ქვეშ არიან. ევროკავშირის გარე საზღვრებზე დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო პროექტებისთვის 250 მილიონი ევროს გამოყოფა უკვე გადაწყვეტილია.