ევროკომისიამ რუსეთის მიმართ წინააღმდეგ მე-20 პაკეტი წარადგინა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და ვაჭრობას.
სანქციების ახალი პაკეტით, ევროკავშირი სრულად აკრძალავს საზღვაო/საპორტო მომსახურებას რუსული ნედლი ნავთობისთვის.
„ეს კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის შემოსავლებს ენერგეტიკის სფეროდან და გაართულებს მყიდველების მოძიებას მისი ნავთობისთვის. ვინაიდან ნაოსნობა გლობალური ბიზნესია, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ეს სრული აკრძალვა ამოქმედდეს თანამოაზრე პარტნიორებთან კოორდინაციით, G7-ის გადაწყვეტილების შემდეგ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
სანქციების სიას დაემატება „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 43 გემი. ასე სანქცირებული გემების რაოდენობა 640-ს მიაღწევს. „ჩრდლოვანი ფლოტი“ გულისხმობს გემებს, რომლებიც რუსეთს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან – მათ ძირითადად ნავთობი გადააქვთ. თუმცა, წარსულში სანქცირებულ გემებს შორის მოხვდნენ ისეთებიც, რომლებსაც გადააქვთ იარაღი ან მოპარული უკრაინული მარცვლეული.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ასევე გაართულებს რუსეთის მიერ ჩრდილოვანი ფლოტისთვის ტანკერების შეძენის პროცესს და დააწესებს ყოვლისმომცველ აკრძალვებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტანკერებისა და ყინულმჭრელების ტექნიკურ მომსახურებასა და სხვა სერვისებზე, რათა კიდევ უფრო შეფერხდეს გაზის საექსპორტო პროექტები.
„ეს ავსებს LNG-ის იმპორტის აკრძალვას, რომელიც შეთანხმებული იყო მე-19 პაკეტითა და RepowerEU-ს რეგულაციით“. – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
გარდა ამისა, ევროკავშირი წარმოადგენს სანქციების მეორე ნაწილს რული საბანკო სისტემისა და ეკონომიკური საქმიანობის დასაფინანსებლად ალტერნატიული საგადასახადო არხების შექმნის შესაძლებლობის შემდგომი შეზღუდვისთვის.
„ეს რუსეთის სუსტი წერტილია და ჩვენ მასზე ძლიერ ზეწოლას ვახორციელებთ“. – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მისივე თქმით, სანქციები უწესდება კიდევ 20 რუსულ ბანკს. ასევე, ევროკავშირი მიიღებს ზომებს კრიპტოვალუტების, მათით მოვაჭრე კომპანიებისა და კრიპტოვაჭრობის ხელშემწყობი პლატფორმების წინააღმდეგ, რათა ჩაკეტონ სანქციების გვერდის ავლის გზები.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის სანქციების სამიზნეა მესამე ქვეყნების რამდენიმე ბანკი, რომლებიც ჩართულნი არიან სანქცირებული საქონლით უკანონო ვაჭრობის ხელშეწყობაში.
„სანქციების ახალი პაკეტით იკრძალება ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების გაყიდვა რეზინიდან დაწყებული, ტრაქტორებითა და კიბერუსაფრთხოების სერვისებით დასრულებული, რომელთა ღირებულება 360 მილიონ ევროს აღემატება.
ჩვენ ასევე შემოგვაქვს იმპორტის ახალი აკრძალვები ლითონებზე, ქიმიკატებსა და კრიტიკულ მინერალებზე, რომლებიც აქამდე სანქცირებული არ იყო და რომელთა ღირებულება 570 მილიონ ევროს აჭარბებს.
გარდა ამისა, ვაწესებთ დამატებით საექსპორტო შეზღუდვებს იმ ნივთებსა და ტექნოლოგიებზე, რომლებიც გამოიყენება რუსეთის მიერ ბრძოლის ველზე, მაგალითად, ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვის საჭირო მასალებზე. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, დაწესდეს კვოტა ამიაკზე არსებული იმპორტის შესაზღუდად“. – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მან ასევე თქვა, რომ სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად ამუშავდება „გვერდის ავლის საწინააღმდეგო ინსტრუმენტი“ (Anti-circumvention tool) და აიკრძალება ნებისმიერი ციფრული პროგრამული მართვის (CNC) აპარატურის და რადიომოწყობილობის ექსპორტს იმ იურისდიქციებში, სადაც არსებობს ამ პროდუქტების რუსეთში რეექსპორტის მაღალი რისკი“.